ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი მცოცავ ოკუპაციაზე: ჩვენ მაქსიმალურად აწეული გვაქვს ეს თემა

ბიძინა ივანიშვილს ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან და პოლიტიკური ტოკშოუების წამყვანებთან გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, სოფო მოსიძემ ჰკითხა, რა რეაქცია ჰქონდა მას, როცა დვანსა და დიცში განვითარებული მოვლენების ამსახველი კადრები ნახა.

რაზეც პრემიერმა იკითხა: - "იმ წუთში რა გავაკეთე, ის გითხრათ? - რა რეაქცია უნდა მქონოდა, რეაქცია იყო ძალიან შეგრძნებადი და როგორც ყველა საქართველოს მოქალაქეს ჰქონდა. რეაქცია გვქონდა ადეკვატური და გუშინ მთავრობის სხდომაზე დიდი ყურადღება დავუთმეთ, სერგეენკო უკვე მიდის და ჩადის უკვე, ჩადიან მთავრობის სხვა წევრები და მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში დავუდგეთ მოსახლეობას. ის, რასაც აკეთებდნენ უკანონოდ ე.წ. საზღვარზე რუსი სამხედროები, ჩვენ მაქსიმალურად აწეული გვაქვს ეს თემა, ჩვენ არცერთ შესაძლებლობას არ ვუშვებთ, არ მოვითხოვოთ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებისგან, აშშ-სგან. სხვა დანარჩენი კარგი იქნებოდა, თქვენ ჟურნალისტები ბრძანდებით, მუდამ გვიკიჟინებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომ არაფერს არ აკეთებენ და მიდის მცოცავი ანექსია და, სხვათა შორის, რუსთავი 2-ში და იმედში, სანაიასთან, 2009 წლის გავლებულ მავთულხლართებზე თქვენ გყავდათ რესპონდენტი და არ იხსენებთ, რომ ეს არ დაწყებულა დღეს და არ იხსენებთ, რომ პროცესი დაიწყო აგვისტოს ომის შემდეგ და ეს არ არის ახალი და ახლა გამოდის სააკაშვილი და მე მთხოვს შეხვედრას, რომ დამეხმაროს, როგორ გავერკვე პროცესებში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დიცისა და დვანის მოსახლეობა ვერ გრძნობს ხელისუფლების მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, ივანიშვილმა თქვა, რომ მხარდაჭერის გრძნობა იქნება, როცა რუსი სამხედროები შეჩერდებიან. ივანიშვილი ფიქრობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ ადამიანების ზიანი ვერ ანაზღაურდება, რადგან ამ პროცესებმა საფლავებიც მოიყოლეს, რომელსაც სახელმწიფო მათ ვერ მისცემს.

"ეს არის ჭეშმარიტი დახმარება. მაშინ იგრძნობს ჭეშმარიტ მხარდაჭერას, არ მოსწონს, როცა იქ ჩადის ინფრასტრუქტურის მინისტრი და სთავაზობს დახმარებას, არ არის ეს საკმარისი, არ მოსწონს იმ კაცს, რომ მასზე მორალურად ძალადობენ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 2008 წელს საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. "2008 წელს სააკაშვილი ეუთოს სამიტზე ჩავიდა და ხელი არავინ ჩამოართვა", - განაცხადა პრემიერმა. ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლებას "ეს" [პროვოკაცია] 2008 წელს ჰქონდა დაგეგმილი და მან შეაჩერა, "ახლა მე მასწავლიან, როგორ უნდა მოვიქცე", - თქვა პრემიერმა.

პრემიერს ასევე ჰკითხეს, რატომ არ ჩავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები პირველივე დღეებში დიცსა და დვანში, რაზეც მან პროტესტი გამოთქვა. "უკაცრავად, აბა, მოახერხეთ და, როდის იყვნენ პირველად ხელისუფლების წარმომადგენლები და აქვე გავარჩიოთ. თქვენ არ ხართ ფოსტალიონები, თქვენ ხართ ჟურნალისტები, თქვენ, ჟურნალისტებმა მიღებული ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ, გადაანალიზოთ, თუ ეს ესე არ არის, ერთი ერთზე არ უნდა გადააწოდოთ. ერთი ერთზე თუ აწვდით, მაშინ ეს ფოსტალიანობაა, წერილის გაგზავნაა", - თქვა ივანიშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ ჩავიდა ის დიცსა და დვანში, ბიძინა ივანიშვილმა უპასუხა - "გავიგე და გეთანხმებით, რომ ცუდი არ იქნებოდა, ეს არ იქნებოდა ზედმეტი, კაკ მინიმუმ, ყველაზე ცოტა, არაფერს არ გააფუჭებდა, ყველაზე ცოტა, თუ დამატებით პოზიტივს არ მოიტანდა. გარდა ამ გაჭირვებული ხალხისა, რომელ რეგიონშიც არ უნდა ჩახვიდეთ, აქაც ორი-სამი თვის განმავლობაში ყოველდღე მიწევდა მათთან შეხვედრა. გაჭირვებულები, ჩვენდა სამწუხაროდ, არ არიან მხოლოდ დიცში. გაჭირვებულები არიან ყველა კუთხე-კუნჭულში. თქვენ ერთი რამ გავიწყდებათ, რომ ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს, ცუდი არ იქნებოდა - ყველას შევხვდე, რამდენ ადამიანს სჭირდება დამშვიდება და დაწყნარება. ათასობით არიან ასეთები. ეს პრინციპულად ვერაფერს ვერ შეცვლიდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები