ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: მთავრობის მუშაობაზე გავლენა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც მექნება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

სამოქალაქო საზოგადოებაში გადასვლის შემდეგ დიდი გავლენა მექნება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან და გადაცემების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, იგი საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს და სამოქალაქო სექტორში გადასვლა ამ მუხტს მხოლოდ გააძლიერებს. ივანიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია დაიშლება და მთავრობაც თანმიმდევრულობას დაკარგავს, სამოქალაქო საზოგადოება მას გააკრიტიკებს.

"რა თქმა უნდა, ჩემი შენიშვნები უფრო მტკივნეული იქნება გუნდის წევრებისთვის და, მათ შორის, კოალიციის წევრებისთვის. ეს გავლენა თუ ვინმეს აშინებს, აქაც კითხვა დასვით, რა გავაფუჭე ბოლო 20 წლის განმავლობაში და რა არ მოგწონთ ჩემს გამონათქვამებში, საით უნდა წავიდეს საქართველო. იქნებ კარგიც იყოს ჩემი გავლენა. სანამ ეფექტური და პოზიტიური იქნება ჩემი გავლენა, სანამ ეს საზოგადოებას დასჭირდება და გაგებით მოეკიდება, რა თქმა უნდა, მე ვიქნები აქტიური", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 რაც შეეხება ფორმებს, თუ როგორ მოახდენს გავლენას ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ხელისუფლებაზე, მან თქვა, რომ იტოვებს ვალდებულებას, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც მან თქვა. ივანიშვილის თქმით, მას შეიძლება კონსულტაციისთვის მიმართონ, იმ შემთხვევაში კი თუ უხეშ შეცდომას დაინახავს, არც დარეკვას გამორიცხავს, ან საჯარო მითითებას.

კომენტარები