ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: ადეიშვილმა გააცნობიერა რეალობა და წავიდა სადღაც

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ადეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გუნდში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო. 

"ჩემმა გამონათქვამმა გამოიწვია ვნებათაღელვა და დღესაც გავიმეორებ - ადეიშვილი მართლაც ნიჭიერი კაცი ჩანს, თუმცა ნიჭი პოზიტივს უნდა მოხმარდეს, საზოგადოების სასარგებლოდ უნდა იყოს გამოყენებული და არა დამანგრეველი. ნაციონალური მოძრაობის ჯგუფში ის იყო გამორჩეულად ნიჭიერი. თუ გინდა მისი ქმედება ავიღოთ - სწორი დასკვნა გააკეთა, გააცნობიერა რეალობა და წავიდა სადღაც, მაგრამ ჩემი გამონათქვამები არ ათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან და არ ვერევი პროკურატურის და სასამართლოს საქმიანობაში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერის აზრით, ადეიშვილიც ძალადობის მსხვერპლი იყო.

"ისიც ასრულებდა შეკვეთებს. ეს არ იყო მისი იდეოლოგია, ისიც კი ძალადობას განიცდიდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენს შემთხვევაში, ადეიშვილი იქნებოდა ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის ყოფილ მინისტრზე ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ, ექსპერტებთან შეხვედრაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ზურაბ ადეიშვილი მისი მთავრობის პირობებში, სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა. როგორც ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა, ადეიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და წინა ხელისუფლების გუნდში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო.

 

კომენტარები