გიორგი თარგამაძის განცხადება

თარგამაძე: პრემიერის ღირსების საკითხია კრიტიკულ მომენტში ხალხის გვერდით დადგომა

პრემიერმინისტრმა თავად უნდა გამოიჩინოს ღირსება და კრიტიკულ მომენტში იმ ადამიანებთან დადგეს, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან, - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას.

გიორგი თარგამაძის თქმით, ყოვლად მიუღებელია ის ტონი და განცხადებები, რომელიც პრემიერმინისტრმა გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიმართ გამოიყენა.

"პირველ პირს უკეთ უნდა ესმოდეს, რომ დიცელების და დვანელების გასაჭირის შედარება დანარჩენი საქართველოს მოსახლეობის პრობლემებთან უბრალოდ გაუმართლებელია. რუსი ჯარისკაცები ამ ადამიანებს აიძულებენ სახლ-კარის დანგრევას საკუთარი ხელით, ეს ერის ღირსების საკითხია და როდესაც საქართველოს არ აქვს ფუფუნება იმისა, რომ ღირსეული ქმედებით უპასუხოს რუსეთის ოკუპაციას, პრემიერმინისტრმა თავად უნდა გამოიჩინოს ღირსება და კრიტიკულ მომენტში იმ ადამიანებთან დადგეს, რომლებიც რუსული აგრესიის მსხვერპლნი არიან", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. 

თარგამაძე ივანიშვილის ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ლექციათა მთელი კურსიც კი არ იქნება საკმარისი პრემიერის ოდნავ მაინც ადეკვატურ განწყობასა და დამოკიდებულებაზე მოსაყვანად".

"ვფიქრობ, ჟურნალისტებმა საკმაოდ კვალიფიციურად სცადეს აეხსნათ ქვეყნის პირველი პირისთვის, პოლიტიკოსისთვის, რომ მისი დამოკიდებულება სრულიად ამოვარდნილია დემოკრატიული საზოგადოების მთავრობისა და მედიის ურთიერთობის კონტექსტიდან", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

გიორგი თარგამაძის განცხადებით, ასევე მიუღებელი იყო პრემიერის დაჟინებული მცდელობა, დაეცვა მინისტრები. 
"იმის მტკიცება, თუ რამდენად დაუცველები და ცოდვები არიან მისივე მთავრობის ზრდასრული, ჯეელი ვაჟკაცები, და როგორ ეშლებათ ამის გამო ნერვები და ხდება მათი დემოტივირება სამსახურებში, ეს არის თვითაღიარება და ნათელი დასტური იმისა, თუ რამდენად სუსტი პირებისგან შედგება ივანიშვილის მთავრობა და ეს ხდება მმართველობის პირველ წელს. არ იქნება რთული წარმოვიდგინოთ, რა გრძნობები გაუჩნდება პრემიერს, როდესაც შეუსრულებელი დაპირებების გამო არა მხოლოდ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ექსპერტები, არამედ ხალხი დაიწყებს პასუხების მოთხოვნას", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

კომენტარები