პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ISFED და TI: პრემიერის დღევანდელი ტონი და ინსტრუქციები ღია ჩარევაა მედიაში

0 კომენტარი

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება პრემიერმინისტრის შეხვედრას მედიახელმძღვანელებთან და ტელეგადაცემის წამყვანებთან აკრიტიკებენ.

"პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, საკუთარ რეზიდენციაში ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დამსწრე ჟურნალისტებს უხეში შენიშვნები მისცა და, ზოგადად, ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე გააკრიტიკა. პრემიერმინისტრს მომზადებული ჰქონდა ამონარიდები იმ სტატიებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან, რომლებიც პირადად მისთვის იყო მიუღებელი. მან რამდენჯერმე მოახდინა ციტირება აღნიშნული მასალებიდან და მისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის თითოეულ დამსწრე ჟურნალისტს ახნა-განმარტება მოსთხოვა. გარდა ამისა, ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე უნარ-ჩვევა დაუწუნა, მათ შორის, შეკითხვის დასმის, არგუმენტების მოყვანისა და რესპონდენტთა შერჩევის. მან გააკრიტიკა, ასევე, ჟურნალისტთა მიერ ეკონომიკის სფეროს მწირი ცოდნა", - ამბობენ ორგანიზაციები განცხადებაში.

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პრემიერის დღევანდელი ტონი და ინსტრუქციები კითხვის ფორმულირების შესახებ, შეიძლება შეფასდეს ღია ჩარევად მედიის საქმიანობაში.

"პრემიერმინისტრი, ისევე, როგორც ნებისმიერი მაღალი რანგის საჯარო მოხელე, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. საჯარო კონტროლი მთავრობის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სწორედ ეს ხშირად უსიამოვნო საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ამიტომაც მიიჩნევა თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილად. ამჟამად საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მოსახლეობისთვის სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები ხელმისაწვდომია, რაც განსხვავებული შეხედულებების ფორმირებას უწყობს ხელს და ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ქვეყანაში, რომელსაც პრემიერმინისტრი მართავს, ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, შექმნან კრიტიკული მასალა. მისი მხრიდან შეხვედრის დროს გაკეთებული შეფასებები კი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პრემიერმინისტრის ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია", - ამბობენ ორგანიზაციები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები