ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ბაქრაძე: ვინ არის შემდეგი არაობიექტურებისა და მოუმზადებლების სიაში?

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ პრემიერმინისტრისა და ჟურნალისტების დღევანდელი შეხვედრა შეაფასა. ბაქრაძის განცხადებით, თვეების განმავლობაში ყველას ესმოდა, რომ საქართველოში ოპოზიცია არის არაობიექტური, არაადეკვატური და მოუმზადებელი, 2 კვირის წინ ითქვა, რომ ქართველი ექსპერტებიც მოუმზადებლები არიან, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ქართველი ჟურნალისტებიც მოუმზადებლები და არაობიექტურები არიან.

"მე მაინტერესებს, სადამდე გაგრძელდება ეს სერიალი და ვინ არის შემდეგი - არაობიექტურებისა და მოუმზადებლების სიაში. თავად შეხვედრის ფაქტი კარგია, მაგრამ ასეთი ფორმით, ტონით და შინაარსით წაყენებული ბრალდებები ამდენი ადამიანის მიმართ ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არა მართლა იმასთან, რომ ამ ქვეყანაში არც ჟურნალისტი ვარგა, არც ექსპერტი და არც პოლიტიკოსი, არამედ იმასთან, რომ არსებობს კრიტიკის აღქმასთან დაკავშირებული პრობლემა", - აღნიშნა ბაქრაძემ. მისივე თქმით, პრემიერი საკუთარი კაბინეტიდან განსხვავებულად ხედავს ქვეყნის განვითარებას და "ის ადამიანები, ვისაც უფრო ხშირი შეხება აქვთ საზოგადოებასთან - სხვაგვარად". პრეზიდენტობის კანდიდატის შეფასებით, როდესაც პრემიერი საუბრობს, რომ ყველა დაპირება შეასრულა, ხოლო ჟურნალისტები, ექსპერტები, პოლიტიკოსები და რიგითი ადამიანები ამას არ ეთანხმებიან, გამოდის, რომ ივანიშვილი არასწორად არის ინფორმირებული და სწორედ ამიტომ სჭირდება ამ და მომავალ მთავრობასაც კონტროლი.

"იმის ნაცვლად, რომ სხვები აკრიტიკოს მთავრობამ, თავად უნდა მიიღოს კრიტიკა და გააკეთოს საქმე", - დასძინა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, დღეს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეჟურნალისტებს შეხვდა. მისი შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, ჟურნალისტები დილეტანტები არიან და ინფორმაციას გაანალიზების გარეშე ავრცელებენ.

კომენტარები