სასამართლო რეფორმა

კუბლაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვს

დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა პარლამენტს მიმართა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებული პროექტის განხილვის შეჩერება მოსთხოვა.

კუბლაშვილის თქმით, პარლამენტმა მიმდინარე კვირაში პირველი მოსმენით მიიღო და განიხილა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ ცვლილებებს უკავშირდება და მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას, ასევე უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებულ წინასწარ ე.წ. სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია მეორე და მესამე მოსმენით ამ პროექტის ძალიან სწრაფად მიღება.

კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის ფორმალური მიზეზი არის ის, რომ 17 ნოემბერს, ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი ნორმები და ის ნორმა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესს ადგენს.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ნამდვილად არ არის სწორი და არ იქნება მართებული და მიზანშეწონილი, რომ ასე სწრაფად და თუნდაც კონსტიტუციით მოთხოვნილ უმცირეს ვადებში განვიხილოთ და მივიღოთ ეს პროექტი. რადგან ამისთვის ჩვენ ნამდვილად არ გვქონია დრო დეტალურად განგვეხილა ეს საკითხი, ვიმსჯელეთ მხოლოდ პრინციპებზე და არა იმ კონკრეტულ ნორმებზე, რომელიც კანონშია მითითებული", - თქვა კუბლაშვილმა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კუბლაშვილი მიმართავს პარლამენტს და სთავაზობს პროექტის განხილვის დროებით შეჩერებას, ამავდროულად, სასამართლო ხელისუფლება აცნობებს ყველას და პარლამენტსაც წარუდგენს ინფორმაციას, რომ სულ მცირე აპრილამდე სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეების დანიშვნა აღარ მოხდება.

"ეს აგვაცილებს იმ პრობლემას, რომელიც ეხება კონსტიტუციის ნორმის ამოქმედებას და შემდეგ მოსამართლეების დანიშვნის გაურკვევლობას, ეს გამორიცხული იქნება და, იმავდროულად, უფრო ზუსტად მინდა ავუხსნა ყველას, რომ ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე, 15 ოქტომბრის შემდეგ საქართველოს სასამართლო სისტემაში ობიექტურად ვერცერთი ახალი მოსამართლე ვეღარ დაინიშნება, რადგან 15 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის იმ კანდიდატებს, რომლებიც ახლა დაინიშნებიან მოქმედი ძველი წესით, ათი წლის ვადით. ამის შემდეგ უკვე აღარც რესურსი არსებობს ადამიანური და აღარც საჭიროება იმისა, რომ ძალიან სწრაფად კიდევ ახალი მოსამართლეები შეემატონ სისტემას", - თქვა კუბლაშვილმა.

კუბლაშვილის თქმით, შესაძლებელია აპრილამდე ეს პროცესი ობიექტურად გაჩერდეს, არც კანონის და არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნით აღარ იყოს დაწყებული პროცესები კანდიდატების დასანიშნად. ამავდროულად, ეს 5 თვე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა წარიმართოს დეტალურად და განისაზღვროს, რამდენად სწორია სამწლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება.

კომენტარები