ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმე

საგანელიძე : არ მაქვს საფუძველი, შსს-ს ინფორმაციაში ეჭვი შევიტანო

interpressnews.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თქმით, არანაირი საფუძველი არსებობს, რომ "ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმეზე, შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ეჭვი შეიტანოს. მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის შეეცდება, ნებისმიერი საქმე ეჭვქვეშ დააყენოს.

"ის, რაც იყო ნათქვამი და საკმაოდ დეტალიზებულად იყო ახსნილი, თუ როგორ მოხდა ყირგიზი მოქალაქის მიერ აფხაზეთის ტერიტორიიდან ჩვენს ინტერნეტსივრცეში შეღწევა. როგორც ჩანს, საკმაოდ მაღალკვალიფიციური "აიტიშნიკია". დავალება ვისგან ჰქონდა და რატომ, ეს მეორე თემაა. ფაქტი ერთია, რომ შესაბამის სამსახურებს აღნიშნული ფაქტი დეტალურად აქვს შესწავლილი - როდის, როგორ, რომელი სერვერის საშუალებით და რომელი ტერიტორიებიდან მოხდა ვიდეოს გავრცელება. ამ ადამიანზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და იმედი მაქვს, მისი დაკავება მოხდება", - თქვა საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, საქმე ბოლო ერთი თვეა, გახსნილია და ამ ხნის განმავლობაში გამოძიების მიერ გარკვეული დეტალები და ნიუანსები ზუსტდებოდა. "გამოძიებას აქვს ვალდებულება, ვიდრე საკითხს ბოლომდე არ შეისწავლის, ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაახმაუროს", - თქვა საგანელიძემ.

კომენტარები