ლევან კობიაშვილი

კობიაშვილი: ის რაც საქართველოს ნაკრებში ხდება, არის ბლეფი

ლევან კობიაშვილი
skysports.com

ბერლინის ჰერტასა და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, სპორტულ გაზეთ ლელოსთან ინტერვიუში რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. ყველაზე საინტერესო, 36 წლის ფეხბურთელის მიერ, საქართველოს ნაკრების შესახებ გაკეთებული განცხადებები იყო.

კობიაშვილმა აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს საქართველოში დაბრუნდეს და ქართულ ფეხბურთში რაიმე სახით დასაქმდეს, თუმცა მისი თქმით, დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლია.

ჰერტას ნახევარმცველმა, თემურ ქეცბაიას მიერ გაცხადებულ ნაკრების გაახალგაზრდავებაზეც გააკეთა კომენტარი.

"ნაკრები კლუბი არ არის, რომ გეზი ახალგაზრდებზე აიღო. არა აქვს მნიშვნელობა ასაკს - ვინც საუკეთესოა, იმან უნდა ითამაშოს. მაგალითად, ქუთაისის ტორპედომ აიღო გეზი ახალგაზრდებზე და კლუბში ეს შესაძლებელია, ნაკრები კი სულ სხვა თემაა. 

თუ მაინცდამაინც გაახალგაზრდავება უნდათ ეროვნულ ნაკრებში, რატომ არ იწვევენ 19 და 21-წლამდელთა ნაკრების ნიჭიერ ფეხბურთელებს? ამ ციკლში ასეთი, თუ არ ვცდები, მხოლოდ თორნიკე ოქრიაშვილი იყო. ამხანაგურ მატჩებში მაინც რატომ არ ათამაშებენ ახალგაზრდებს? 

მოკლედ, ეს ყველაფერი არის ბლეფი და ალიბი, რომ თავი იმართლონ. თავის მართლებით, ხელის სხვისკენ გაშვერითა და გადაბრალებებით კი უარესს აკეთებენ. განა, ელემენტარული არ არის ის, რომ საფრანგეთთან თამაშის მერე ფინეთთან რა საჭირო იყო ორი ჩამშლელი ნახევარმცველი მოედნის ცენტრში? ფინეთთან ხომ მოგებაზე უნდა გვეთამაშა? 

ან მე არ მესმის ეს ყველაფერი, ან... მოკლედ, რისი დანახვაც მინდოდა საქართველოს ნაკრებში, ვერ დავინახე. 

"მე რაღაც შემეშალა, მე რაღაც დავაკელი" - საქართველოს ნაკრებში ასეთი რამ არ იგრძნობა. მწვრთნელი ყენიაზე რომ იტყვის, როგორც ფეხბურთელი, არ მაკმაყოფილებსო, ეს უკვე გადამეტებულია. კონფლიქტი მოხდა მოედნის გარეთ და ყველამ ვიცით, რომ ეს არის იმის მიზეზი, რომ ყენია აღარ არის ნაკრებში. 

პრობლემა როცა იქმნება, პირველ რიგში, მწვრთნელი უნდა შეეცადოს მის აღმოფხვრას, ის უნდა იყოს ამის ინიციატორი. ერთხელაც ვიტყვი - ყენია და ხიზანიშვილი უნდა თამაშობდნენ ნაკრებში, ისინი გუნდს სჭირდებიან," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთელი გულშემატკივრების თემასაც შეეხო. კობიაშვილის თქმით, ის რომ ფანებს კრიტიკული პოზიცია აქვთ, მისთვის გასაგებია.

გულშემატკივრები კრიტიკას რომ გამოხატავენ, ეს სამართლიანობიდან გამომდინარეობს. ის ბიუჯეტი, რაც ნაკრების სამწვრთნელო შტაბს აქვს, ფეხბურთის ფედერაციიდან კი არა, ხალხის გადასახადებიდანაა. ამიტომაც უნდა იყოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გულშემატკივრების წინაშე. მომდევნო შესარჩევი ძალიან მნიშვნელოვანია იმით, რომ ფინალურ ეტაპზე ბევრი გუნდი გადის და შანსიც იზრდება. ამის გამოყენება თუ გვინდა, ნაკრებში მეტი კომუნიკაცია უაღრესად აუცილებელია," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

კომენტარები