აშშ

უმოქმედობის ფასი

ზურაბ ჭიაბერაშვილი
0 კომენტარი

2013 წლის 14 სექტემბერს ჟენევაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს სირიის ქიმიური იარაღისა და მისი კომპონენტების სრულ აღწერას და განადგურებას.

შეთანხმება შვებაა არა მხოლოდ სირიის მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვის, არამედ პრეზიდენტების – ბარაკ ობამასა და ვლადიმირ პუტინისთვის. ამ წერილის მიზანიც სწორედ ისაა, დავინახოთ, რამ აიძულა ვაშინგტონი და მოსკოვი, რომელთა ურთიერთობა ამ ეტაპზე ძალიან გაუარესებულია, ამ შეთანხმებამდე მისულიყვნენ.
ობამას ფსონი

21 აგვისტოს დამასკის მახლობლად ქიმიური იარაღის გამოყენებისა და 1400 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შემდეგ, თეთრმა სახლმა იმგვარი საერთაშორისო კამპანია წამოიწყო ასადის რეჟიმის წინააღმდეგ (რომელსაც ქიმიური იარაღის გამოყენება დაბრალდა), რომ შეერთებული შტატების მიერ სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება თითქოსდა ეჭვს აღარ იწვევდა.

გაითვალისწინა რა ამერიკული საზოგადოების სკეპტიკური დამოკიდებულება შეერთებული შტატების კიდევ ერთ ქვეყანაში სამხედრო კონფრონტაციის მიმართ, პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს „შეზღუდულ სამხედრო ქმედებაზე" (Limited Military Action) თანხმობისთვის მიმართა.

თავად ის ფაქტიც კი, რომ პრეზიდენტმა ობამამ კონგრესის თანხმობა ითხოვა, დიდი მსჯელობის საგნად იქცა. ამერიკელი კანონმდებლების ნაწილი დღესაც მიიჩნევს, რომ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ლამის 100-წლოვანი საერთაშორისო აკრძალვის დარღვევაზე (სამხედრო) რეაგირებისთვის, ამერიკის პრეზიდენტს კონგრესის თანხმობა არ სჭირდებოდა.

სირიაში სამხედრო ოპერაციის – თუნდაც შეზღუდული სახით – მიმართ ვაშინგტონში ცალსახა დამოკიდებულება არაა და ეს კარგად გამოჩნდა 4-5 სექტემბერს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტებში გამართული მოსმენებისას.

ჯონ კერი და სერგეი ლავროვი ფოტო: Reuters
ხმები კომიტეტებში ტრადიციულად არ გაყოფილა პარტიული ნიშნით. ჩვენთვის ცოტა უცნაური ჩანს, როცა რესპუბლიკელი სენატორი მაკკეინი არიზონიდან ხმას აძლევს – გარკვეული შესწორებებით – თეთრი სახლის მიერ კონგრესში წარდგენილ რეზოლუციას, ხოლო რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო ფლორიდიდან – ამ რეზოლუციის წინააღმდეგია. რაშია საქმე?

როგორც სენატის, ისე წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტებში გამართული მოსმენებისას სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი (ყოფილი დემოკრატი სენატორი, რომელმაც დემოკრატიული პარტიის 2008 წლის პრაიმერი წააგო ბარაკ ობამასთან) ხაზს უსვამდა ერთ გარემოებას: შეიძლება ვიდაოთ იმაზე, რა მოჰყვება შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას, თუნდაც შეზღუდული სახით, მაგრამ ერთი რამ უდავოა: უმოქმედობას ყველაფერი სჯობს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რას უქადის ახლო აღმოსავლეთს და, ზოგადად, მსოფლიოს, შეერთებული შტატების უმოქმედობა და ამის მიხედვით ვიმსჯელოთ იმაზეც, რას მოიტანს ამერიკის სამხედრო ჩარევა სირიის სამოქალაქო ომში.

თეორია ცნობილია: შეერთებული შტატების უმოქმედობა ახალისებს დიქტატორებს, უბიძგებს მათ მორიგი რეპრესიული ტალღისკენ ქვეყნის შიგნით და შესაძლოა, ქვეყნის გარეთაც. „მსოფლიო პოლიციელის" როლი არც სასიამოვნოა და ფინანსურადაც ძვირი ჯდება, მაგრამ აშშ-ის განსაკუთრებულობის არგუმენტი (exceptionalism) სწორედ ამას ეფუძნება: ამერიკა არაა რიგითი ქვეყანა სხვა ქვეყნებს შორის, იგი სწორედ იმიტომაცაა სუპერსახელმწიფო (ზოგიერთების აზრით, ღვთის ნებით), რომ მორალისა და საერთაშორისო წესრიგის სადარაჯოზე იდგეს.

თუ შეერთებული შტატები უარს იტყვის თავის განსაკუთრებულ როლზე, ეს:

  •  მსოფლიოს ქაოსს უქადის;
  •  არყევს რწმენას ამერიკის შესაძლებლობებში;
  •  აშინებს ამერიკის მოკავშირეებს;
  •  ახალისებს ამერიკის მტრების ქმედებას.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების მაგალითზე ეს ნიშნავს:

  •  ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შესახებ ასწლოვანი მსოფლიო აკრძალვის დასამარებას;
  •  ბაშარ ალ-ასადს უბიძგებს, ჩაიდინოს საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ნორმებთან შეუსაბამო კიდევ მრავალი ქმედება.
  •  თურქეთს, საუდის არაბეთს და რეგიონში სხვა ისლამურ მოკავშირეებს აიძულებს, დაიკავონ უფრო ფრთხილი პოზიცია მომავალში, როცა საქმე ამერიკის ეროვნულ ინტერესებს შეეხება.
  •  ახალისებს ირანის უფრო აგრესიულ ქმედებას და არწმუნებს თეირანს, რომ შეერთებული შტატები, რაც უნდა ცხადი გახდეს ირანის ბირთვული პროგრამის მიზანთან ახლოს ყოფნა, ვერ გაბედავს ირანზე თუნდაც „შეზღუდული სამხედრო ქმედების" (Limited Military Action) განხორციელებას.

ის ფაქტი, რომ რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი მხარს უჭერს სირიაში „შეზღუდული სამხედრო ქმედების" განხორციელებას, ზემოთ მოყვანილი არგუმენტებითაა განპირობებული, თუმცა ასევე რესპუბლიკელ მარკო რუბიოს არ სჯერა, რომ „შეზღუდული სამხედრო ქმედება" რაიმე არსებითი შედეგის მომტანი იქნება. მეტიც, მარკო რუბიო და რესპუბლიკელების ნაწილი ობამას ყოყმანს შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს: ისინი არწმუნებენ ამერიკულ საზოგადოებას, რომ მათი მთავარსარდალი შეუსაბამოა ამ ფუნქციისთვის. რა თქმა უნდა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატს, რესპუბლიკელ მარკო რუბიოს ისიც აღელვებს, დემოკრატი პრეზიდენტი ამ სიტუაციიდან სახეშენარჩუნებული გამოვა თუ სირიის კრიზისის ნებისმიერი გადაწყვეტა მას და დემოკრატიულ პარტიას რეიტინგს დაუგდებს.

მხედველობაშია მისაღები ამერიკელი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებები. მათი ნაწილი აცხადებს, რომ „შეზღუდული სამხედრო ქმედება" – ანუ მხოლოდ საჰაერო დარტყმები სირიის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე – არათუ ასადის რეჟიმს არ დაასუსტებს თუნდაც საიმისოდ, რომ სირიის ოპოზიციასთან ერთად სამშვიდობო მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდეს (მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია), არამედ ყველაზე მინიმალურ მიზანს – ქიმიური იარაღის განადგურებასაც ვერ შეძლებს.

იმ პირობებში, როცა კონგრესში კენჭისყრას იგივე შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტში მოჰყვა, თეთრი სახლისთვის რუსეთის წინადადების მიღება და ჟენევაში მოლაპარაკებების გამართვა (უშედეგოდაც რომ დასრულებულიყო), საუკეთესო გამოსავალი იყო. შესაბამისად, ობამამ კონგრესს კენჭისყრის გადადება სთხოვა და ჟენევაში ჯონ კერი მიავლინა.

პუტინის ფსონი

ჟენევაში მოლაპარაკებების გამართვა და შეერთებულ შტატებთან რაიმე შეთანხმების მიღწევა რუსეთის პრეზიდენტისთვისაც ისეთივე აუცილებლობას წარმოადგენდა, როგორც შეერთებული შტატების შიდაპოლიტიკური წნეხით ხელფეხშეკრული პრეზიდენტისთვის. ვლადიმირ პუტინი ამერიკის კონგრესის იმედად – რომ ობამას წინადადება კენჭისყრაზე ჩავარდებოდა – ვერ იქნებოდა.

მეტიც, პუტინი შიშობდა, რომ კონგრესში კენჭისყრის უარყოფითი შედეგიც ვერ შეაჩერებდა შეერთებული შტატების სამხედრო ნაბიჯს ახლო აღმოსავლეთში, თუ მომდევნო თვეების განმავლობაში რაიმე გაუთვალისწინებელი ახალი გარემოება მოხდებოდა.

ჟენევის მოლაპარაკებებამდე კრემლი იდგა იმ საშიშროების წინაშე, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გაეროს უშიშროების საბჭოს ავტორიზაციის გარეშე მიმართავდნენ გარკვეულ ზომებს და რუსეთის ვეტოს უფლება ისეთივე ცარიელი სიტყვა აღმოჩნდებოდა, როგორც ეს ბალკანეთზე 90-იან წლებში NATO-ს სამხედრო ოპერაციის, ანდა 2000-იანებში ერაყის ომის დაწყებისას აღმოჩნდა.

ყველამ კარგად იცის, მათ შორის პუტინმაც, რომ თუკი შეერთებული შტატები ასადის დასჯას გადაწყვეტდა, რუსეთი ვერაფერს იღონებდა. და ეს პუტინისთვის, რომელიც პრეტენზიას აცხადებს, რომ შეერთებული შტატების თანასწორი გლობალური მოთამაშეა, ყველაზე დიდი საფრთხეა.

ფოტო: Reuters
11 სექტემბერს (!) ვლადიმირ პუტინმა გაზეთ New York Times-ში გამოაქვეყნა თავისი წერილი-მოსაზრება, რომლის საბაბი, რა თქმა უნდა, სირიის კრიზისი იყო, მაგრამ რეალური საფუძველი – ამერიკული განსაკუთრებულობის არგუმენტის (exceptionalism) ეჭვქვეშ დაყენება გახლდათ. პუტინის თავხედურმა ტონმა ობამას კრიტიკოსები კიდევ უფრო აღაშფოთა.

მაგრამ რა დგას ამ რიტორიკის მიღმა? პუტინისთვის ყველაზე მიუღებელი სცენარი სირიის კრიზისში შეერთებული შტატების იმგვარი ჩართულობაა, რაც ვაშინგტონს ისეთ მრავალწლიან ვალდებულებებს არ „აკიდებს", როგორც ეს ერაყის ან ავღანეთის შემთხვევაში მოხდა. „შეზღუდული სამხედრო ქმედება" სწორედ ასეთია:

– ის ასუსტებს ასადს იმდენად, რომ ოპოზიციის სამხედრო პოტენციალი უთანაბრდება სამთავრობო ჯარებისას.
– ახდენს რუსეთის ინტერესების სრულ იგნორირებას და ყველას აჩვენებს, რომ პუტინის სურვილის მიუხედავად, კრემლი ვაშინგტონის რეალური საპირწონე არაა.
– იმავდროულად, არ იწვევს ამერიკის ხანგრძლივ სამხედრო ჩართულობას სირიის სამოქალაქო ომში რაიმე კონკრეტული ვალდებულებებით.

პუტინს, რასაკვირველია, არ უნდა ამერიკის სამხედრო იერიში სირიაზე, მაგრამ თუ ეს გარდაუვალია, ურჩევნია, ამერიკა ისევე „ჩაეფლოს" სირიაში, როგორც ერაყსა და ავღანეთში „ჩაეფლო" და მერე მოსკოვმა ამერიკის „მსოფლიოს ცუდ პოლიციელობაზე" ილაპარაკოს.

ამ მომენტისათვის, პუტინმა ობამას შიდაპოლიტიკური სისუსტით ისარგებლა და სირიაში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დაწყების, როგორ მინიმუმ, გადავადებით, რუსეთის სამხედრო უსუსურობის გამოაშკარავება თავიდან აიცილა.

ჟენევის შეთანხმება და მისი შედეგები

საერთაშორისო ინსპექტორები სირიაში ნოემბერში ჩავლენ და ერთი თვის განმავლობაში ქიმიური იარაღის ყველა წარმოება უნდა გაანადგურონ. თავად სირიაში არსებული ქიმიური იარაღი სრულად 2014 წლის ივნისისთვის უნდა განადგურდეს. რამდენად რეალისტურია ეს ამბიციური გეგმა, ამას მომდევნო თვეები გვიჩვენებს.

აღსანიშნავია, რომ თუ ბაშარ ალ-ასადი ჟენევის შეთანხმების პირობებს დაარღვევს, ისევ გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწევს მსჯელობა, წესდების მე-7 თავით განსაზღვრული ჩარევის რა ფორმა გამოიყენოს – სამხედრო თუ არასამხედრო.

ჟენევაში რუსეთს პირობა არ დაუდია, რომ მხარს დაუჭერს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიაში საერთაშორისო სამხედრო ინტერვენციას, თუკი ამის საჭიროება დღის წესრიგში დადგება. ჟენევის შეთანხმება, მით უმეტეს, არ ითვალისწინებს სამხედრო ინტერვენციის ავტომატურ ავტორიზაციას ასადის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში.

სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ, რომ ასადის მიერ შეთანხმების პირობების დარღვევასაც მოსკოვი ისევე საკამათოს გახდის, როგორც ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისას. დარღვევის დადგენას კი, სავარაუდოდ, ახალი კომისიები, ახალი ინსპექციები და, მინიმუმ, რამდენიმეთვიანი საერთაშორისო დებატები მოჰყვება.

ამასთან, შეთანხმება ამ ეტაპზე არაფერს ცვლის სირიის სამოქალაქო ომში და ბრძოლა ასადის არმიასა და აჯანყებულებს შორის კვლავ გრძელდება.

ყოველივე ზემოთქმულიდან, საეჭვო ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა რამე მიიღო ჟენევის შეთანხმებიდან, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ თავიდან აიცილა ამერიკული საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში, მისთვის არასასურველი ომი.

სამაგიეროდ, რუსეთმა შეინარჩუნა ასადის მოკავშირე რეჟიმი სირიაში (რომელსაც თავად ამარაგებს იარაღით) და ასადსაც და რუსეთის სხვა მოკავშირეებსაც დაანახა, რომ კრემლს ჯერ კიდევ ძალუძს ამერიკის, ყოველ შემთხვევაში, ამ ადმინისტრაციის შეკავება. საერთაშორისო წესრიგისა და მშვიდობისთვის ყველაზე ზიანის მომტანი ისაა, რომ ჟენევის შეთანხმება ეხება ქიმიური იარაღის არსენალის განადგურებას და არაფერს ამბობს ბაშარ ალ-ასადის პასუხისმგებლობაზე, რომელმაც ეს იარაღი უკვე გამოიყენა.

ერთობლივ განცხადებაში სენატორები მაკკეინი და ლინდსი გრეჰემი შიშობენ, რომ შეერთებული შტატების „მეგობრებიც და მტრებიც ამ [ჟენევის] შეთანხმებიდან ერთ დასკვნას გამოიტანენ: ამერიკის პროვოკაციულ სისუსტეს დაინახავენ".

სირიის კრიზისი და საქართველო

საქართველოსთვის იდეალური სცენარია ის, რომელიც ყველაზე მეტად არ უნდა პუტინს. ესაა შეერთებული შტატების შეზღუდული სამხედრო ჩარევა სირიის კრიზისში, გრძელვადიანი ვალდებულებების გარეშე, რაც შედეგად მოიტანს პუტინის მოკავშირე დიქტატორის რეჟიმის დამხობას. ეს, ერთი მხრივ, ხაზს გაუსვამდა ამერიკის გლობალურ ლიდერობას და ძლიერებას და აჩვენებდა რუსეთის სისუსტეს, მეორე მხრივ, არც იმდენად დაამძიმებდა ამერიკის საგარეო პოლიტიკას, რომ რუსეთს თავის სამეზობლოში მორიგი აგრესიული ქმედებებისთვის გახსნოდა ხელი.

ადვილია, პრეზიდენტ ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით დავრჩეთ უკმაყოფილო. ამ ვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი – თუკი ეს დაგვამშვიდებს – ჩვენთვის იმის გააზრებაა, რომ თეთრმა სახლმა პაუზა აიღო არა კრემლის ზეწოლით (თუმცა პაუზისთვის რუსეთის შეთავაზება გამოიყენა), არამედ შიდაპოლიტიკური მდგომარეობის გამო.

იმედი ვიქონიოთ, რომ ვაშინგტონში კარგად ესმით შეერთებული შტატების უმოქმედობის ფასი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა, ის ვერცხლის მედლის მფლობელია

კომენტარები