არჩევნები

ოცნების ქამინგ-აუთი

ზაზა ბიბილაშვილი
0 კომენტარი

ქამინგ-აუთი (გინა ქლოზეთიდან გამოსვლა) შუმერული ფრაზაა და სიტყვასიტყვით აღსარებას ნიშნავს. ამ ფრაზით უხსოვარი დროიდან აღნიშნავდნენ მამაკაცთაგან მამაკაცთა სიყვარულის საჯაროდ აღიარებას (გინა გეიობაში გამოტყდომას). თანამედროვე გაგებით, ეს სიტყვა ხშირად დიდი ხნის დაფარული გულისნადების საქვეყნოდ გაცხადებას ნიშნავს.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა კვირებში საქართველოში მასობრივი ქამინგ-აუთი იგეგმება. პროცესი უკვე დაწყებულია და კლიმაქსს, სავარაუდოდ, არჩევნების დღეს მიაღწევს. მაგრამ ვიდრე ზნეობისა და ერთმორწმუნეობის სამოქალაქო თუ სასულიერო ფორმიანი დამცველები ხელსკამებს მოიმარჯვებენ, ცოტა შორიდან დავიწყოთ. მით უმეტეს, რომ ძირითადად სწორედ მათზე მექნება საუბარი.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის წლები მრავალმხრივ იყო ისტორიული, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ძალის მმართველობამ დაგვიტოვა, იყო მყარი პროდასავლური დისკურსი, რომლიდან ამოვარდნაც მეინსტრიმში დარჩენის მსურველ არცერთ სერიოზულ აქტორს არ შეეძლო. ამ პერიოდში, ვერცერთი მეტ-ნაკლებად შერაცხადი ქართველი პოლიტიკოსი ვერ შეძლებდა, ეჭვი შეეტანა საქართველოს ევროატლანტიკური გეზის უალტერნატივობაში საკუთარი პოლიტიკური მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების გარეშე. ისინიც კი, ვინც ღიად უპირისპირდებოდა დასავლური ცივილიზაციის „მავნე" გამოვლინებებს – „გარყვნილებას", „სულიერების" ნაკლებობას და ა.შ. (ასეთი კი იყო კოალიცია ქართულ ოცნებაში შემავალი პრაქტიკულად ყველა სუბიექტი, რამდენიმე თავისუფალი დემოკრატისა და რესპუბლიკელის გარდა) – იძულებული შეიქნენ, ხელი მოეწერათ დოკუმენტისთვის, რომელიც კოალიციის პროდასავლურ კურსს აღიარებდა. ამ ნაბიჯის აუცილებლობა სწორედ ნაციონალური მოძრაობის დანატოვარმა მოცემულობამ განაპირობა.

მაგრამ დეკლარაციით არაფერი შეცვლილა. კოალიციის ბირთვისთვის არსებითად არაორგანულია დასავლური იდეა, რაც კარგად ჩანს ოცნების ლიდერების ყოველდღიურ რიტორიკაში. თანამედროვე ტრენდებს მოწყვეტილი აზროვნებით, არქაული უმსჯელობებითა და კარიერული მუტაციებით გაჯერებული ბიოგრაფიებით, ეს რეტროგრადი პოლიტიკოსები ფუნდამენტურად საბჭოთა ადამიანები – ბოდიში და, ჰომო სოვიეტიკუსები – არიან. მათთვის „სულიერება" მოსახერხებელი, არაგაზომვადი თავშესაფარია, რომლის უკან, თითქმის ყველა გაზომვად დარგში, მათი არაკომპეტენტურობა იმალება (ცალკე საკითხია, რატომ არიან, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე ან გია ვოლსკი სულიერად უფრო დახვეწილი არსებები, ვიდრე მათი ამერიკელი კოლეგები).

ამრიგად, აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა ხელისუფლებაში მოვიდა დასავლური რიტორიკით შებოჭილი არსებითად არადასავლური ტიპის ძალა. როგორც ბევრ გეის არ აძლევს საშუალებას გაბატონებული კულტურა, საკუთარი სექსუალური ორიენტაცია ღიად აღიაროს საზოგადოებისგან გაკიცხვისა თუ საერო ან საეკლესიო კარიერის დანგრევის შიშით, ასევე ვერ ახერხებდა ქართული ოცნება წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული პროდასავლური მოცემულობიდან თავის დაღწევას „პრორუსულის" იარლიყის აკიდების შიშით. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მიუხედავად 8 თებერვლებისა და 17 მაისებისა, ოცნებამ ვერ შეძლო ქლოზეთიდან გამოსვლა, რაც მისთვის ყველაზე დიდი შინაგანი დისკომფორტის წყაროდ რჩებოდა. ამის შედეგი იყო საქართველოს მოკავშირეებთან შორიდან, ღია წერილებით საუბარი და ინფანტილური აზრი, რომ დასავლეთი „სიცრუის მანქანის" ტყვეობაშია. დასავლეთი ოცნებას ხედავდა სწორედ ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში და არა ისეთს, როგორიც მას უნდოდა, რომ დაენახათ.

ამ სიტუაციაში, იმის გათვალისწინებით, რომ ნაციონალები დასავლური იდეის გარშემო კონსოლიდირებულ, ორგანიზებულ ძალად რჩებიან, რუსეთისთვის სასურველი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელების საშუალება არ არსებობს. ოცნების მენეჯმენტი დილემის წინაშე დადგა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ქლოზეთიდან გამოსული პრორუსული ძალის გამოჩენა გახდა საჭირო.

მიუხედავად იმ უმნიშვნელო, სუფთა სიმბოლური დატვირთვისა, რომელსაც ივანიშვილი თავის – და, ზოგადად – სიტყვებს ანიჭებს, დეკლარირებული პოზიციის რადიკალური ცვლილება მისთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა. მისი განცხადებები და ჩაზუსტებები ევრაზიული კავშირის პოტენციური საინტერესოობის შესახებ ყინულის გალღობის ტოლფასი იყო. იმავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ბურჯანაძის შეგულიანება მომხრეების მიმართ („ნუ შეგეშინდებათ, დაე, დაგვიძახონ პრორუსულები!"). დანარჩენი უკვე ტექნიკის საკითხია.

დავაკვირდეთ: არჩევნებში გამარჯების შემდეგ, ოცნებამ პრაქტიკულად ყველა სფეროში ფიასკო განიცადა, ყველაზე მეტად – ეკონომიკასა და საგარეო პოლიტიკაში. ამ ფონზე, ერთადერთი, რასაც ოცნება მეთოდურად ახორციელებდა 1 წლის მანძილზე, იყო ლეგიტიმაციის აღდგენა დიდი ხნის დისკრედიტებული, ევრაზიული იდეის მატარებელი მარგინალებისთვის. რეალობა, როცა მოძალადეები ციხეში ისხდნენ და ბანალურ ჭეშმარიტებებზე კიდევ უფრო ბანალური განცხადებების კეთების არანაირი საჭიროება არ არსებობდა (მაგ. რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია), ჩაანაცვლა რეალობამ, როცა ივანიშვილის პერიოდულ ტრუისტულ განცხადებებს ფონად გასდევს პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის 100 ლარამდე გაიაფება, სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთა შეკრების თავისუფლების უგულებელყოფა, ანაფორაში ჩადენილი დანაშაულისადმი გაგებით მოკიდება, რელიგიური უმცირესობების უფლებების სისტემატური შელახვა, „სტრუქტურული არაჯანსაღი" ეკონომიკის სტაგნაციამდე გაჯანსაღება და, რაც მთავარია, პრემიერის ეპოქალური პრესკონფერენციები – როგორც სანახაობა უპუროდ დარჩენილთათვის...

„სასარგებლო იდიოტებისთვის", ხანგამოშვებით გაკეთებული განცხადება, რომელიც რომელიმე ანბანურ საკითხში პრემიერის ელემენტარულ გარკვეულობას ამჟღავნებდა, საკმარისი აღმოჩნდა ოპტიმიზმის შესანარჩუნებლად. მაგრამ ოცნების მენეჯმენტს უფრო მასშტაბური მიზნები ამოძრავებს: საპრეზიდენტო არჩევნებზე პრორუსული ძალების (მარგველაშვილი და ბურჯანაძე, მათ შორის ორგანიზებულად გადანაწილებული აქტივებითა და აქტივისტებით) მთავარი ამოცანა ევროატლანტიკური მოცემულობის მოშლა და ახალი მოცემულობით შეცვლაა, რომელშიც დასავლური არჩევანი ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი იქნება. ამისათვის აუცილებელია, მოჩვენებითი კონკურენციის პირობებში მოასპარეზე ორმა ძალამ, რომელიც ამომრჩეველს ცრუ დილემას სთავაზობს, პირველ-მეორე ადგილი გაიყოს არჩევნებზე. დილემა ასეთია: ან ზომიერად პროდასავლური ძალა (რომელიც ეცდება, „ანგარიში გაუწიოს" რუსეთს), ან ღიად პრორუსული ძალა (რომელიც იტყვის, რომ NATO-ს იდეა მკვდარია, ამიტომ, აუცილებელია მოვეფეროთ ევრაზიულ ფასეულობებს).

ქამინგ-აუთის დღე ახლოვდება. 27 ოქტომბერი ახალი ნიშანსვეტი იქნება მრავალჭირნახული ქართული დემოკრატიის ისტორიაში – დღე, როცა ნოსტალგიურად განწყობილ ამომრჩეველს ამდენწლიანი პაუზის შემდეგ საშუალება მიეცემა, ხმა არა ღირსებას, სამართლიანობას, სულიერებას და ათას სხვა ევფემიზმს, არამედ პირდაპირ რუსეთს მისცეს. ნუ დავძრახავთ – ეს ის ხალხია, ვინც დღემდე რუსულ ესტრადას უსმენს, საბჭოთა ფილმების ციტატებით გვესაუბრება და სჯერა, რომ რუსეთი დასავლური მატერიალიზმის სულიერი საპირწონეა. ეს დღე გადაწყვეტს, დაკარგავს თუ არა ქართული ოცნება თავისი წარუმატებლობის ერთადერთ შემორჩენილ გამართლებას კოაბიტაციის სახით. არ ვიცი, რამდენად ჰუმანურია ამგვარი სურვილი, მაგრამ ეგოისტურად, გულის სიღრმეში, ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატებს ბევრი სხვაც გულშემატკივრობს – ერთი ნატვრით, რომ ყველა მეოცნებემ საკუთარ თავზე იწვნიოს ახდენილი ოცნება.

ყველაფერთან ერთად, 27 ოქტომბერი წმ. მახო მნთხეველის ქვეყნად მოვლენის დღეცაა. არ კი ვიმსახურებთ, მაგრამ მაინც დაველოდოთ და ვნახოთ, გადმოხედავს თუ არა ამ დღეს წმინდანი საქართველოს მოწყალე თვალით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები