საია

საია პრეზიდენტის ადმინისტრაციას საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო უჩივის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას უჩივის. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციამ მათ საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. ამ მიზეზით სარჩელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 3 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. 

საიას განცხადების მიხედვით, ბოლო დროს სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების სწავლისა და სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების დაფინანსებას ეხებოდა. ორგანიზაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას 31 ივლისს მიმართა, თუმცა ადმინისტრაციას მათთვის აღნიშნული ინფორმაცია დღემდე არ მიუწოდებია.

„საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სპეციალურად ამ მიზნით პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით შექმნილი კომისიის მიერ:
• რომელ სასწავლო მიმართულებებს და ფაკულტეტებს მიენიჭათ უპირატესობა და რა კრიტერიუმებით ისარგებლა კომისიამ გამარჯვებულთა შერჩევისას;
• რამდენი იყო გასაცემი თანხების მთლიანი ბიუჯეტი;
• იმ პირთა სია, რომელთაც საკონკურსო კომისიამ მიანიჭა დაფინანსება და თითოეულ ადამიანზე გასაცემი (გაცემული) თანხის რაოდენობა.“
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას „ - ნათქვამია განცხადებაში.

 საია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საჯარო ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გაცემის ვალდებულებას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს

 

კომენტარები