დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავება

დანაშაულებრივი დაჯგუფება საქართველოდან რუსეთში იარაღის შეტანისთვის დააკავეს

საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა დანაშაულებრივი დაჯგუფება დააკავა, რომელსაც საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის გავლით, ცეცხლსასროლი იარაღი გადაჰქონდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფებას შემუშავებული ჰქონდა სქემა, რომლის მიხედვით, ისინი ქირაობდნენ საქართველოდან რუსეთისკენ მიმავალ ტაქსის მძღოლებს და სოლიდური თანხის სანაცვლოდ სთხოვდნენ მათ იარაღის გადატანას საზღვარზე ისე, რომ მძღოლებმა არაფერი იცოდნენ, რა იდო შეფუთვაში. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლის შემდეგ, უკვე რუსეთის ტერიტორიაზე,   ტაქსის მძღოლებს ე.წ. გადამზიდი ხვდებოდათ. 

რია ნოვოსტის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების დაკავების ოპერაცია "ნიჟნი ზარამაგის" გამშვებ პუნქტთან ახლოს ჩატარდა.

ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს კრიმინალური ქსელის გასაშიფრად, რომელსაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ კონტრაბანდული იარაღით, სავარაუდოდ, ჩრდილო კავკასიაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფება მარაგდებოდა.

კომენტარები