ე.წ ჯიჰადის ვიდეოს საქმე

სესიაშვილი: ყველა საქმეზე მინისტრები ერთმანეთს ანგარიშს ვერ ჩააბარებენ

ირაკლი სესიაშვილი
primetimenews.ge

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, ტელეკომპანია ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების შესახებ ისაუბრა. წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ იცოდა თავდაცვის მინისტრმა, რომ საქმე ერთი თვის წინ იყო გახსნილი, სესიაშვილმა განაცხადა, რომ მინისტრები დაკავებულები არიან და ეს კომუნიკაციის პრობლემა იყო.

"მე ვფიქრობ, რომ ამაზე ზედმეტი აქცენტების გაკეთება საჭირო არ არის. თქვენ ხვდებით, რომ სამინისტრო, პროკურატურა ძალიან ბევრ საქმეს იძიებს და ყველა საქმესთან დაკავშირებით მინისტრები ერთმანეთს ანგარიშს ვერ ჩააბარებენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა კომუნიკაციის ნაკლებობასთან და მინისტრებს იმდენი საქმე აქვთ, რომ არ არის აუცილებელი ყველა ერთმანეთის საქმეში იხედებოდეს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, იქედან გამომდინარე, რომ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ ქართველ სამხედროებს თავს დაესხნენ, იყო თუ არა ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მინისტრებს კოორდინაცია ჰქონოდათ, სესიაშვილმა უპასუხა, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმეა და მინისტრებს ერთმანეთის მიმართ ანგარიშვალდებულება არ გააჩნიათ.

"ქვეყანაში, სამწუხაროდ, არის ძალიან ბევრი საქმე ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მეტსაც გეტყვით, მინისტრები რიგ შემთხვევებში არიან დაკავებული ძალიან მნიშვნელოვანი თემებით. ამიტომ, ანგარიშვალდებულება ერთმანეთის წინაშე კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით არ აქვთ. მეტსაც გეტყვით, საგამოძიებო პროცესებში ჩახედვა არ შეიძლება მანამ, სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება კი სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. თავისთავად, საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ერთი თვის წინ თუ გამოიძიეთ, რატომ არ განაცხადეთ იმავე დღეს? აქაც მე მინდა გითხრათ, რომ სანამ სასამართლო არ მიიღებდა იმ ფაქტებს, რაც დადგინდა ამ საქმესთან დაკავშირებით და არ დაადასტურებდა რომ ამ პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენება საჭიროა, თავისთავად, მათ არ ჰქონდათ უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაერღვიათ", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები