0 კომენტარი

შარშანდელი შემოდგომა ძირითადად იმდროინდელი შიდა პოლიტიკური მოვლენების გამო გვახსენდება. აგრესიული საარჩევნო კამპანია, საზოგადოების რადიკალური პოლარიზაცია, შემდეგ არჩევნები და მათი შედეგები, ხელისუფლების გადაბარება – ეს ყველაფერი ჩვენს ყურადღებას იპყრობდა, მაგრამ საქართველოსთვის გადამწყვეტი პროცესები იმ პერიოდში არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ შიდა პოლიტიკით.

ირანი და რუსული „დერეფანი სომხეთში"

2013 წლის 19 აგვისტოს ისრაელის მთავრობის ყოფილმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გიორა ეილანდმა თქვა, რომ 2012 წლის შემოდგომაზე, აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, ისრაელი აპირებდა სამხედრო დარტყმას ირანზე. მისი თქმით, ეს გეგმა პრეზიდენტ ობამას კატეგორიული წინააღმდეგობის გამო არ განხორციელდა. მართლაც, 2012 წელს ისრაელი ახორციელებდა დიპლომატიურ კამპანიას, რომლის მიზანი იყო მისი პარტნიორების და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მომზადება ისრაელის შესაძლო სამხედრო ოპერაციისთვის. თუმცა შემდეგ ისრაელმა ამ გეგმაზე უარი თქვა. შესაძლოა, ამის მიზეზი მართლაც იყო ობამას „ვეტო". მეორე სავარაუდო მიზეზია ის, რომ 2012 წლის განმავლობაში ირანმა შეანელა საკუთარი ბირთვული პროგრამა. ამან დროში გადასწია ისრაელის მიერ დასახული „წითელი ხაზი", რომლის გადალახვის შემდეგ ირანს ექნება ბირთვული იარაღის სწრაფად შექმნის შესაძლებლობა. ნებისმიერ შემთხვევაში, 2012 წლის შემოდგომაზე ირანთან ომი არ დაწყებულა.

თუმცა იმ პერიოდში, როდესაც ამის შესაძლებლობა რეალურად იყო მიჩნეული, რუსები აქტიურად საუბრობდნენ იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა ესარგებლათ ირანზე შეტევით საქართველოს წინააღმდეგ სამოქმედოდ. ამავდროულად, ისინი პოტენციურ საბაბებს ამზადებდნენ ასეთი ქმედებებისთვის.

რუსული არმიის წვრთნა „კავკაზ-2012” ფოტო: Reuters
ჯერ კიდევ 2011 წლის დეკემბერში, რუსმა გენერალმა იური ნეტკაჩოვმა განაცხადა, რომ რადგან ირანში ომის დაწყების შემთხვევაში სომხეთში არსებული რუსული ბაზის ირანიდან მომარაგება შეწყდება, რუსეთი იძულებული იქნება, საქართველოში სამხედრო ძალით შეიჭრას და კონტროლი დაამყაროს სომხეთამდე სატრანსპორტო დერეფანზე. 2012 წლის იანვარში ამავე რუსულ გეგმაზე მიანიშნა რუსმა სამხედრო ექსპერტმა, პოლკოვნიკმა ანატოლი ციგანიუკმა. მანვე დაამატა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სექტემბრისთვის დაგეგმილი სამხედრო სწავლება „კავკაზ-2012" სპარსეთის ყურეში დაძაბულობის ზრდას უკავშირდებოდა.

სახიფათო გზავნილები ისმოდა ოფიციალური წყაროებიდანაც. 2012 წლის 14 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ გამორიცხა „ახალი ავანტიურა" საქართველოს მხრიდან და ეს საფრთხე პრეზიდენტ სააკაშვილის „გაუწონასწორებლობით" ახსნა. იმავე დღეს რუსულმა კომერსანტმა გამოაქვეყნა მასალა, სადაც მოყვანილი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადება იმის შესახებ, რომ ომი ირანში 2012 წლის ბოლომდე დაიწყებოდა. იმავე სტატიაში იყო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის ინფორმაცია, რომ ამ ომისათვის რუსეთს ჰქონდა მომზადებული გეგმა, რომლის ფარგლებშიც, სავარაუდოდ, კავკასიაში „გარკვეული ხვრელების ჩაკეტვა" მოუწევდა.

ამას დაემატა თავდაცვის მინისტრის, სერდიუკოვის, 20 მარტის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის საზღვრებზე დაძაბულობის ესკალაციის გამო იზრდებოდა სამხედრო კონფლიქტებში მისი ჩათრევის საფრთხე. 20 მარტსვე ნეზავისიმაია გაზეტამ თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობისთვის აქტუალური იყო ირანზე შეტევის საფრთხე და, ამავდროულად, არ იყო გამორიცხული საქართველოს პროვოკაციები „რუსეთის მოკავშირეების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ. ამის გამო, წყაროს ცნობით, სწავლება „კავკაზ-2012"-ის ფარგლებში, რუსული ჯარი დაამუშავებდა დავალებათა იმაზე უფრო ფართო სპექტრს, ვიდრე მანამდე იგეგმებოდა. მათ შორის, სამხედრო დანაყოფების სამხრეთისკენ გადასროლას რუსეთის სხვა რეგიონებიდან.

30 მარტს ამას მოჰყვა რუსული განცხადებების კიდევ ერთი ზალპი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ „საქართველო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რაიონებში უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ქმნის". ამავდროულად, ინტერფაქსმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით რუსული გენშტაბი ელოდა ირანში ომის დაწყებას 2012 წლის ზაფხულში, ხოლო კრემლს გააჩნდა ამ შემთხვევისთვის შემუშავებული გეგმები.

2012 წლის 19 აპრილს ლავროვმა ისევ გამოხატა შეშფოთება იმის გამო, რომ სააკაშვილს შეეძლო „ახალი ავანტიურის" განხორციელება. 10 მაისს რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ქართული სპეცსამსახურები ჩრდილოკავკასიელ მეამბოხეთა ლიდერის დოკუ უმაროვის დახმარებაში დაადანაშაულა. 22 ივნისს კი სოხუმის მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველო დაადანაშაულა გალის რაიონში ტერაქტების განხორციელებაში.

ჯამში, რუსები ამზადებდნენ საინფორმაციო ნიადაგს საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიისთვის. ერთი მხრივ, მათ დააფიქსირეს გზავნილი, რომ ირანზე თავდასხმის შემთხვევაში არ დარჩებოდათ სხვა გზა, გარდა რუსეთიდან სომხეთამდე სატრანსპორტო დერეფნის გაჭრისა, რაც გულისხმობდა საქართველოში სამხედრო შემოჭრას. მეორე მხრივ, ისინი საქართველოს მიმართ ისეთ ბრალდებებს ამზადებდნენ, რომლებიც შემდგომში რუსეთს გამოადგებოდა როგორც casus belli, ანუ ომის საბაბი. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ბრალდება ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორიზმის მხარდაჭერაში.

საქართველოსთვის მოსალოდნელ საფრთხეს აღნიშნავდნენ რუსი ანალიტიკოსებიც. ანდრეი პიონტკოვსკიმ 2012 წლის 16 მარტს გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერდა, რომ კრემლმა შეიძლება ისარგებლოს ირანში მოსალოდნელი ომით საქართველოში შეჭრისთვის. ხოლო 5 აპრილს ჯეიმსტაუნის ფონდისთვის ინგლისურენოვანი სტატია გამოაქვეყნა პაველ ფელგენგაუერმა. მისი თქმით, ირანის ომის შემთხვევისთვის რუსეთს ჰქონდა სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მოიცავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ საფრთხეს ემატებოდა შესაძლო არეულობა საქართველოში 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

გზავნილები საქართველოდან

არანაკლებ საინტერესო იყო ის, რაც იმავე პერიოდში ისმოდა ზოგიერთი ქართველისგან. 2012 წლის იანვარში სხვადასხვა, ერთმანეთისგან თითქოს დამოუკიდებელმა პირებმა ერთდროულად დაიწყეს ერთი და იმავე ნარატივის მოყოლა: იწყებოდა ომი ირანთან და საქართველო ამ ომში ჩართული იქნებოდა. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველო უერთდებოდა ირანის საწინააღმდეგო კამპანიას. იგივე თქვეს მამუკა არეშიძემ და ელიზბარ ჯაველიძემ, რომლებმაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაამატეს, რომ ამერიკელები გამოიყენებდნენ ქართულ ჰოსპიტლებს. ჯაველიძის თქმით, საქართველოში იმ დროს მშენებარე ჰოსპიტლები სწორედ ირანთან საომრად იყო განკუთვნილი, ისევე, როგორც ლაზიკის პორტის პროექტი. შევარდნაძის, არეშიძისა და ჯაველიძის განცხადებები გააშუქა რუსეთის ინგლისურენოვანი პროპაგანდის მთავარმა საშუალებამ – ტელევიზიამ Russia Today. პაატა ზაქარეიშვილმა რეზონანსთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი აპირებდა ჩართვას აშშ-ის ქმედებებში ირანის წინააღმდეგ. ამ ტიპის პროპაგანდის კამპანიაში ჩაერთო ზოგი ქართული მედიასაშუალებაც, მაგალითად, საქინფორმი და Georgian Times-ი.

რუსული არმიის წვრთნა „კავკაზ-2012” ფოტო: Reuters
ძალიან საინტერესო რამ თქვა ამჟამინდელმა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გუბაზ სანიკიძემ 2012 წლის თებერვალში, კვირის პალიტრისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი აზრით, 2008 წლის ომის დროს ოპოზიციის შეცდომა იყო ხელისუფლებასთან პაექრობაზე მორატორიუმის გამოცხადება. თუ ქვეყანას ისევ დაემუქრებოდა საფრთხე, ოპოზიციას ამჯერად სხვაგვარად უნდა ემოქმედა და „პასუხისმგებლობა აეღო". მან ისიც დააზუსტა, კონკრეტულად რას გულისხმობდა: „თუ ირანის საკითხი გამწვავდა, საშიშროება რუსეთიდან დაგვემუქრება. გიუმრის სამხედრო ბაზა ტექნიკით ირანის პორტებიდან მარაგდება. მის ბლოკადას რუსეთი არ დაუშვებს. თუ ქვეყანას საფრთხე მართლაც დაემუქრა, სხვა რამეები იქნება გასაკეთებელი. თუ შედგება საერთო ქართული თანხმობა ოპოზიციის, საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით, ანგარიშს გაგვიწევენ". ანუ, გუბაზ სანიკიძის აზრით, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ოპოზიცია არ უნდა შეერთებოდა ქვეყნის წინააღმდეგობას აგრესორის მიმართ. პირიქით, მას ხელისუფლების მაგივრად უნდა „აეღო პასუხისმგებლობა", ანუ დაეწყო საქართველოში შიდა დაპირისპირება რუსული აგრესიის ფონზე.

იმავე წლის მარტში, ლევან პირველმა მისცა ვრცელი ინტერვიუ რუსულ გამოცემას Кавказская Политика. შევარდნაძის, არეშიძის, ჯაველიძისა და სხვების მსგავსად, ლევან პირველმა თქვა, რომ საქართველო ამზადებს ინფრასტრუქტურას ირანთან საომრად. გუბაზ სანიკიძის მსგავსად, მან ისაუბრა საფრთხეზე ირანის ომის შემთხვევაში. მისი თქმით, რუსეთი საქართველოსგან მოითხოვდა დერეფანს სომხეთში და უარის მიღების შემდეგ, ამ დერეფანს ძალით მოიპოვებდა.

16 მარტს ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემზადებოდა სამოქალაქო ომისთვის და მიანიშნა სირიის მოვლენების საქართველოში გამეორების საფრთხეზე. მან განაცხადა, რომ ხელისუფლება ქმნიდა უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებს. როგორც ჩანს, სწორედ ამან მისცა საბაბი გრიგორი კარასინს, 30 მარტს იმავე ბრალდებით გამოსულიყო. საინტერესოა, რამდენად აცნობიერებდა ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, როგორ საინფორმაციო კონტექსტში ჩაჯდა მისი ეს განცხადება და რამდენად სახიფათო ტენდენციას უწყობდა იგი ხელს.

ახალი ნარატივი: არჩევნები ირანის ნაცვლად

2012 წლის ზაფხულისთვის რუსებისთვის ცხადი გახდა, რომ შეტევა ირანზე, რომელსაც მანამდე ვარაუდობდნენ, 2012 წელს აღარ განხორციელდებოდა. შესაბამისად, საუბარი ირანზე და სომხეთში დერეფნის გაყვანაზე, როგორც საქართველოში ომის მიზეზზე, მეორე პლანზე გადავიდა. სამაგიეროდ, დაიწყო ლაპარაკი 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. 6 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში, მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თქვა, რომ სააკაშვილის მხრიდან არ იყო გამორიცხული სამხედრო ავანტიურები. მან გაიხსენა ის ფაქტი, რომ თბილისი არ აწერს ხელს თავდაუსხმელობის შეთანხმებებს სოხუმის და ცხინვალის რეჟიმებთან და გამოთქვა ვარაუდი, რომ „მოცემულ ვითარებაში, როცა საქართველოში იწყება საპარლამენტო არჩევნების კამპანია, იქნება დიდი ცდუნება, შიდა პოლიტიკური მიზნების მიღწევა სცადონ რეგიონში ახალი პროვოკაციების გზით".

და ამ შემთხვევაშიც რუსეთის სახიფათო გზავნილს საოცრად ემთხვეოდა იმავე შინაარსის განცხადებები საქართველოში. 4 ივლისს პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელოვნურად იწვევდა დაძაბულობას კონფლიქტურ რეგიონებში და ამას არჩევნების გამო აკეთებდა. რეინტეგრაციის ამჟამინდელი მინისტრის თქმით, სააკაშვილი ამ დაძაბულობას არჩევნების ჩასაშლელად ან გადასატანად გამოიყენებდა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ ქართული მხარე კონფლიქტის ზონაში „გართულებებზე წავიდოდა" და „დაძაბულობის ფონს გაამძაფრებდა". 21 ივლისს კი ზაქარეიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ შესაძლოა აფხაზეთში სხვადასხვა პროვოკაციებისთვის მიემართა.

ისევ გამოიჩინა თავი მამუკა არეშიძემაც. 2 აგვისტოს მან განაცხადა – თუ ხელისუფლება დაინახავდა, რომ აგებს არჩევნებს, ის შეიძლება წასულიყო პროვოკაციებზე რუსეთის წინააღმდეგ. თითქოს ერთხელ თქმა არ იყო საკმარისი, არეშიძემ იგივე გაიმეორა 6 აგვისტოს – იმავე დღეს, როდესაც გამოქვეყნდა კარასინის ინტერვიუ. ამჯერად, მან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „ვერ გამორიცხა" ისეთი პროვოკაცია, რომლის შედეგადაც დაიწყებოდა საომარი მოქმედებები. მან ასევე დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში, ომი იქნებოდა „საქართველოს ხელისუფლების ინსპირირებული დანაშაული". 6 აგვისტოსვე პაატა ზაქარეიშვილმა თქვა, რომ საარჩევნო პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადასატანად, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში „შეგნებულად მიდის კონფრონტაციაზე, რათა ოსების და რუსების გაღიზიანება გამოიწვიოს".

რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაცია

იმ დროს, როდესაც საინფორმაციო სივრცეში ხდებოდა იმ იდეის დანერგვა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციებს აპირებდა, რუსეთი რეალურად ახორციელებდა თავისი შეიარაღებული ძალების კონცენტრაციას საქართველოს გარშემო.

2012 წლის განმავლობაში რუსეთი ძალიან აქტიურად წვრთნიდა და ახალი შეიარაღებით ამარაგებდა ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებულ დანაყოფებს. რუსული ჯარის აქტიურობამ კულმინაციას 2012 წლის სექტემბერში მიაღწია. სწორედ ამ დროს, 17-23 სექტემბერს, დანიშნული იყო სამხედრო სწავლება „კავკაზ-2012". ამ სწავლების მასშტაბი ოფიციალურადაც დიდი იყო, მაგრამ რუსული სამხედრო ნაწილების რეალური გადაადგილებები 2012 წლის სექტემბერში საქართველოს მიმართულებაზე იყო უფრო მასშტაბური, ვიდრე სწავლებით ფორმალურად გახლდათ გათვალისწინებული.

იმ პერიოდში რუსი წვევამდელების ოჯახის წევრების სპეციალიზებულ ინტერნეტფორუმებზე პანიკა სუფევდა. იმის მიუხედავად, რომ სწავლება ოფიციალურად 23 სექტემბერს დასრულდა, სხვადასხვა დანაყოფების ჯარისკაცები ატყობინებდნენ ოჯახის წევრებს, რომ საველე პირობებში ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ან ოქტომბრის ბოლომდე დარჩებოდნენ. ოჯახის წევრები ამ ინფორმაციას ერთმანეთს ინტერნეტში უზიარებდნენ, რაც მათში კიდევ უფრო მეტ შეშფოთებას და გაურკვევლობას იწვევდა.

სექტემბერში რუსებმა ცხინვალის რეგიონში მე-19 მოტომსროლელთა ბრიგადა შეიყვანეს. იქ ისედაც მუდმივად არსებობს საოკუპაციო ძალების მე-4 ბაზა, რომელიც არსებითად მოტომსროლელთა ბრიგადას წარმოადგენს. შესაბამისად, 2012 წლის სექტემბერში ცხინვალის რეგიონში 2 ასეთი ბრიგადა განლაგდა. იქ ასევე შეიყვანეს 291-ე საარტილერიო ბრიგადის ძალები. ამის გარდა, საქართველოს საზღვართან ახლოს რუსეთმა სხვა დანაყოფებიც გადმოისროლა. მათ შორის იყო საჰაერო-სადესანტო ძალები დაღესტანში, სევასტოპოლიდან გადმოსროლილი საზღვაო ქვეითები კრასნოდარის ოლქში, ივანოვოელი მედესანტეები სომხეთში და სხვები. რუსული დანაყოფების გადაადგილებები აშკარად სისტემურ ხასიათს ატარებდა. ამას უნდა დავუმატოთ ის დანაყოფები, რომელთა მუდმივი ბაზირების პუნქტები ისედაც საქართველოს საზღვართან ახლოსაა.

რუსეთის მიზნები

სინამდვილეში, გიუმრის ბაზის მომარაგების აუცილებლობა თავიდანვე არაფერ შუაში იყო. ირანის ომის შემთხვევაში, რუსეთი მასში პირდაპირ მონაწილეობას არ აპირებდა. არც გიუმრის ბაზას შეექმნებოდა რაიმე საფრთხე, რის გამოც რუსეთს სასწრაფოდ სომხეთამდე დერეფანი დასჭირდებოდა. „დერეფანი სომხეთში" მხოლოდ საბაბი იყო. რეალურად კი, რუსეთი უბრალოდ გამოიყენებდა აშშ-ის შეტევას ირანზე, როგორც უნიკალურ შანსს სამხრეთ კავკასიაში „წესრიგის დასამყარებლად". ირანთან ომი იქნებოდა მასშტაბური მოვლენა, რომელიც გარკვეული ვადით მიიზიდავდა აშშ-ის მთელ დიპლომატიურ, სამხედრო, ფინანსურ და სხვა რესურსს. ეს რუსეთს დროებით მისცემდა მოქმედების მეტ თავისუფლებას, ჩვენ კი კრემლის თვალში ერთგვარი სტრატეგიული კომპენსაცია უნდა ვყოფილიყავით.

შემდეგ ცხადი გახდა, რომ 2012 წელს ირანში ომი აღარ იქნება, მაგრამ რუსები არ ჩქარობდნენ საქართველოში თავიანთი გეგმების გაუქმებას. მათი ჩარევა საქართველოში შესაძლებელი გახდებოდა, თუ 1-ლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდებოდა შიდა დაპირისპირება, რომელიც მასშტაბურ სისხლისღვრაში გადაიზრდებოდა. რუსებისთვის მაგალითი იყო დასავლეთის ჩარევა ლიბიაში 2011 წელს. მათ უყვართ დასავლეთის ქმედებების კოპირება, ამით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მასზე არაფრით ნაკლებნი არ არიან. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებების საბოლოო ესკალაცია დაიწყო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების მომენტიდან.

შიდა დაპირისპირების საფრთხე კი საქართველოში ნამდვილად არსებობდა. საზოგადოება უაღრესად პოლარიზებული იყო, აგრესიის დონე – ძალიან მაღალი, „ციხის სკანდალის" შემდეგ კი მან პიკს მიაღწია. სიძულვილის ენა პოლიტიკურ სივრცეში ყოველდღიურ რეალობად იქცა. ამავე დროს, საარჩევნო მარცხის შემთხვევაში, ქართული ოცნება არჩევნების შედეგებს, ცხადია, არ აღიარებდა. შესაბამისად, დაიწყებოდა ქუჩის გამოსვლები, რომლებიც იქნებოდა ერთდროულად მრავალრიცხოვანი და აგრესიული. მსგავს ვითარებაში ყოველთვის არსებობს შანსი, მათ შორის, მტრული გარე ძალისთვის, მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და პოლიტიკური კრიზისი ტრაგედიად გადააქციოს.

საბოლოო ჯამში, ქართულმა ოცნებამ მოიგო არჩევნები, რასაც მოჰყვა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, მაგრამ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრებოდა 2012 წლის შემოდგომაზე, რეალური იყო. საბედნიეროდ, 2008 წლისგან განსხვავებით, სხვადასხვა ფაქტორების ჯამმა არ მისცა რუსეთს აგრესიის განხორციელების შანსი. არც ირანში მოხდა ომი და არც საქართველოში – შიდა არეულობა. თუმცა ის სტრატეგიული მიზნები, რის გამოც რუსეთს ჰქონდა აგრესიული გეგმები ჩვენი ქვეყნის მიმართ 2012 წელს, არსად გამქრალა. საქართველო კვლავ დგას რისკების წინაშე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბუბა მირცხულავა

კომენტარები