ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ბაქრაძე: წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც საზოგადოებას შეცდომად მიაჩნია

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეექვსე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა და პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა წარსულში ტოვებს ყველა იმ პრობლემასა თუ დანაშაულს, რომელიც არსებობდა.

"უნდა შევძლოთ ობიექტურად შევაფასოთ წარსული, უამრავი კარგი და მნიშვნელოვანი გაკეთდა წინა წლებში, ფაქტობრივად შეიქმნადა და აშენდა ქართული სახელმწიფო. ჩვენ უნდა ვიამაყოთ ჩვენი წარსულითა და გაკეთებული საქმეებით, მაგრამ ამავე დროს ჩემო მეგობრებო იმისთვის რომ ვიამაყოთ წარსულით, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ წარსულის შეცდომებს, პრობლემებსა თუ დანაშაულებს, გულწრფელად და ობიექტურად შევაფასოთ ყველაფერი და ამით ვაჩვენოთ ხალხს, რომ ვსწავლობთ და ვვითარდებით. დღეს ბევრი მეკითხება, ვთქვათ მოგეცით ხმა, ნიშნავს ეს რომ დაბრუნდება ძველი ნაციონალური მოძრაობა, ძველი და უცვლელი პოლიტიკით. მსურს მკაფიოდ განვაცხადო: ნაციონალური მოძრაობის ძალა, განახლების სურვილსა და პოლიტიკურ ნებაშია.

ჩვენ მოგვაქვს წარსულიდან ცოდნა, გამოცდილება, პატრიოტიზმი, ენერგია, ყველაფერი ის რისთვისაც ხალხი მხარს უჭერდა და მხარს უჭერს ამ პარტიას, მაგრამ ამასთან ერთად წარსულში ვტოვებთ ყველაფერს, რაც დღეს საზოგადოებას შეცდომებად მიაჩნია. სწორედ ამ სულისკვეთებიდან გამომდინარე, მივმართავ ბიზნესს, ერთად უზრუნველვყოთ სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განვითარება, ერთად დავაბრუნოთ ეკონომიკური განვითარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ სამუდამოდ წარსულში დავტოვოთ უსამართლო ჯარიმები და სამართალდამცავთა ჩარევა თქვენს მუშაობაში. მივმართავ ხალხს, ჩვენ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ისეთივე უსაფრთხო, როგორიც ის იყო წინა წლებში, როდესაც არ გეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გამოშვება, მაგრამ წარსულს უნდა ჩავაბაროთ ზემკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა და სიხისტე პროკურატურის მხრიდან." - განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები