ახალაიას აუდიო-ვიდეო ჩანაწერი

სუბარი ომბუდსმენობისას ადვოკატისა და პატიმრის შეხვედრის ჩაწერის წინააღმდეგი იყო

სოზარ სუბარი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომელსაც პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაიას ადვოკატები ახალაიასადმი უკანონო ქმედებაში ადანაშაულებენ, წლების წინ თავად იყო მსგავსი ქმედების წინააღმდეგი.

სოზარ სუბარი საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე 2004-2009 წლებში მუშაობდა. 2006 წლის მეორე ნახევრის საანგარიშო მოხსენებაში ომბუდსმენი სუბარი პატიმართა უფლებებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"2006 წლის 16 ივნისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და მოითხოვა ქუთაისის #2 და თბილისის #7 საპყრობილეში პატიმრებისა და ადვოკატების შეხვედრის ოთახებში დაყენებული ვიდეოკამერების დემონტაჟი, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი იმპერატიულად აცხადებს, რომ "დამცველს უფლება აქვს შეხვდეს დასაცავ პირს მარტო და რაიმე მეთვალყურეობის გარეშე", - წერს ომბუდსმენი სოზარ სუბარი თავის 2006 წლის ანგარიშში. იმავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სუბარის აღნიშნული რეკომენდაცია არ გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტრომ, რომლის დაქვემდებარებაშიც იმ დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იყო.

"ვიდეოთვალთავლი სერიოზულ საფრთხეს უქმნის დასაცავთან ადვოკატის კონფიდენციალური შეხვედრის უფლებას", - წერია ომბუდსმენის 2006 წლის მეორე ნახევრის ანგარიშში და იქვე მითითებულია შეხვედრის ოთახებში სათვალთვალო კამერების მოხსნის რეკომენდაციის შესახებ.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე ტაბულასთან საუბრისას აცხადებს, რომ 2012 წლის ზამთარში, როცა ბაჩო ახალაია #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა, დეკანოიძე მას ხვდებოდა საკანში და არა შეხვედრებისთვის განკუთვნილ ოთახში.

"სადაც მიგვითითებდნენ იქ ვხვდებოდი ახალაიას და ეს ადგილი იყო მისი საკანი. როგორც ახლა აღმოჩნდა, ამ საკანში დამონტაჟებული კამერებით სრულად იწერდნენ ჩენს შეხვედრას, რაც უკანონოა და როგორც არ უნდა ეცადონ, ამას გვერდს ვერ აუვლიან", - ამბობს დავით დეკანოიძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას საკანში გადაღებული ფარული ვიდეომასალა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ვიდეო 2012 წლის ნოემბერშია ჩაწერილი და რამდენიმესაათიანია, თუმცა სააგენტომ მხოლოდ ფრაგმენტები გამოაქვეყნა. მასალა გადაღებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში და მასში ჩანს, როგორ შედიან ახალაიასთან ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ასევე დეპუტატი აკაკი მინაშვილი.

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ახალაიას საკანზე #7 საპყრობილეში 24-საათიანი ვიდეო და აუდიოკონტროლს კანონიერად ხორციელებოდა.

"პატიმრობის შესახებ" კოდექსის მე-9 მუხლი იცნობს ვიზუალურ და ელექტრონულ თვალთვალს. ვიზუალური ნიშნავს, როცა აკვირდები თვალით და ელექტრონული ნიშნავს ყველანაირი სხვა საშუალების გამოყენებას, რაც სხვა კანონებშია განმარტებული. ამის გაკეთება საჭირო გახდა თვითონ ახალაიას განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე. ამის შესახებ ის იყო გაფრთხილებული", - განაცხადა სუბარმა.

ახალაიას ადვოკატები ითხოვენ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა ახალაიას საკანში ვიდეო-აუდიოჩანაწერების გაკეთება.

"ბაჩო ახალაია საკანში მხოლოდ ვიზუალურ კონტროლზე იყო თანახმა", - ამის შესახებ ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა. მისი თქმით, ვიზუალური კონტროლის დროს, არ ხდება ჩაწერა, მხოლოდ მონიტორზე აკვირდებიან პატიმარს. რომეო საჯაიას თქმით, კანონი დაირღვა მონიტორინგის ჯგუფის წევრებისა და პარლამენტის წევრის მიმართაც, რომელსაც იმუნიტეტი იცავს.

"ნებისმიერი სახის აუდიო და ვიდეოჩაწერას სჭირდება სასამართლო თანხმობა, ამასთან, ბაჩო ახალაია არც აუდიო და არც ვიდეოჩაწერაზე თანახმა არ ყოფილა, ტყუილია ის, რასაც სად-ის თავმჯდომარე აცხადებს. ამასთან, აუდიოჩაწერა არავის შემთხვევაში არ ხდება, მაშინ სხვებისაც გვანახონ", - ამბობს რომეო საჯაია.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია არა ჩანაწერის გაკეთების, არამედ მისი უკანონოდ გავრცელებასთან დაკავშირებით და მალე გაეცემა პასუხი კითხვას, თუ როგორ გასაჯაროვდა ახალაიას საკანში გაკეთებული ვიდეო ჩანაწერი.

კომენტარები