ნაციონალური მოძრაობის განცხადება

ენმ: ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი თავს დაესხა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ 5 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამართული პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ აქტივისტს კახა კალაშოვს შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები და ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"ყრილობიდან დაბრუნების შემდეგ, კახა კალაშოვმა თავის სამუშაო ფარდულში (იგი არის მეწაღე და სახლის მახლობლად მცირე საწარმო აქვს მოწყობილი) საქართველოს დროშა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის დელეგატის მანდატი გააკრა კედელზე. მის ფარდულში შესულმა სამმა პიროვნებამ, დაინახა რა ეს ნივთები, მოსთხოვეს ჩამოეხსნა და დაეხია, რაზეც კალაშოვმა უარი განაცხადა. ამის შემდეგ კახა კალაშოვს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამი თავდამსხმელიდან ერთ-ერთი არის შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილის ნათესავი, მიხეილ სანამაშვილი. სანამაშვილი ემუქრებოდა კალაშოვს, რომ ნათესავების, კერძოდ, თამაზ თამაზაშვილის დახმარებით სასტიკად გაუსწორდებოდა. მეორე თავდამსხმელი არის თამაზ გვარამია, ხოლო მესამე თავდამსხმელის ვინაობა კახა კალაშოვისთვის უცნობია. სწორედ ეს მესამე, კალაშოვს ემუქრებოდა, რომ ის რუსეთიდან სპეციალურად გამოაგზავნეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა იმისათვის, რომ ვინც ერთიან ნაციონალურ მოძრაობას მხარს უჭერს, ყველას გაუსწორდეს", - წერია განცხადებაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თქმით, პარტია გმობს ზემოაღნიშნულ ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფად გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ასევე შეშფოთებას გამოთქვამს საარჩევნო კამპანიის არაერთ ღონისძიებაზე ხელის შეშლის მცდელობებისა თუ ფიზიკური თავდასხმების ფაქტების შსს-ს მხრიდან ნელი და არაეფექტური რეაგირების გამო", - წერია განცხადებაში.

 

 

კომენტარები