შსს განცხადება

გიორგობიანი: ვინც კალაშოვი სცემა, შს მინისტრის ნათესავი არ არის

ნინო გიორგობიანი
შსს

შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტ კახა კალაშოვს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავმა სცემა, სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, დამნაშავე ღარიბაშვილის ნათესავი არ არის.

სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა გუშინ თემქის დასახლებაში კახა კალაშოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. დადგინდა, რომ კახა კალაშოვს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.

შსს-ს ცნობით, საქმესთან დაკავშირებით, უკვე დაკითხულია კახა კალაშოვი. დადგენილია ინციდენტში მონაწილე სამი პირი, რომლებიც ასევე დაიკითხნენ. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსსკ-ს 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

დღეს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 5 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში გამართული პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ, ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ აქტივისტს კახა კალაშოვს შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები და ქართული ოცნების წევრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები