პროცესები საზოგადოებრივ მაუწყებელში

GDI პროკურატურას მაუწყებელთან დაკავშირებით რეაგირებისკენ მოუწოდებს

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას შემაშფოთებელს უწოდებს.

”მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ განაცხადა იმ პირის ვინაობის შესახებ, რომელიც მისივე განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრის სახელით აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებას, ხოლო მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში - მუქარას. აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან მყისიერი რეაგირება უნდა მოჰყოლოდა, რაც საზოგადოებისათვის ნათელი გზავნილი იქნებოდა. საზოგადოებას დღემდე არ მიგვიღია ინფორმაცია, თუ რა რეაგირება მოჰყვა აღნიშნულ პროცესს. სამწუხაროდ იუსტიციის მინისტრის მითითებით, აღნიშნული საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეთხოვა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ სავარაუდო სამართალდამრღვევი თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, გამოძიების მყისიერად და მიუკერძოებლად წარმართვისა და ეფექტურობისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამცირებს”, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, ზემოაღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ სხვა პირები წაახალისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს წევრებზე ზემოქმედება მოეხდინათ. ”გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებზე. მმართველი პარტიის წარმომადგენელთა და სხვა პირთა მხრიდან ზემოქმედების მოხდენის შესახებ, რაც მათგან საბჭოს  დატოვების მოთხოვნაში გამოიხატება. სამწუხაროდ, აღნიშნული ფაქტის შესახებაც სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან რაიმე სახის რეაგირებაზე ინფორმაცია კვლავ არ მიგვიღია”, - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია შემაშფოთებლად მიიჩნევს ასევე იმ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში პრემიერმინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კოკა ყანდიაშვილი აქტიურად ერევა.

”საქართველოს კანონმდებლობით საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი თანამდებობის პირი და თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობით დაუშვებელადაა მიჩნეული”, - წერია განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს წინასწარი გამოძიება ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და გაატაროს მყისიერი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების მიმართ ყოველგვარი ზემოქმედება. ხოლო პარალელურად, დროულად განახორციელოს სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და პასუხისგებაში მიცემა.

”ასევე მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს, მათ ლიდერებსა და მხარდამჭერებს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი მაუწყებლის ხელმძღვანელ პირებზე რაიმე სახის ზემოქმედებისაგან, რაც საფრთხეს უქმნის მაუწყებლობის ინსტიტუციურ და სარედაქციო დამოუკიდებლობას”, - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

კომენტარები