თანასწორობის ინსტიტუტი

თანასწორობის ინსტიტუტი ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს

ირაკლი კაკაბაძე
ithacacityofasylum.com

თანასწორობის ინსტიტუტი ნაციონალურ მოძრაობას დიცსა და დვანში არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ადანაშაულებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის მელორ ვაჩნაძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ვითარების გამწვავება მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საშუალებას მისცემს, რაც ავტომატურად მისი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას გამოიწვევს.

"მიხეილ სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის უგუნური პოლიტიკისა და პროვოკაციაზე წამოგების შედეგია ის, რომ მწვავედ დგას ტერიტორიების დაკარგვის საკითხი. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ დღესაც პოლიტიკური გავლენის აგენტი მიხეილ სააკაშვილი ეწევა მოღალატეობრივ პოლიტიკას და ცდილობს ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც შეუიარაღებული თვალითაც ნათლად ჩანს. ეს გამოიხატება ხელოვნურად შექმნილ ისტერიაში დიცსა და დვანთან არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. სააკაშვილი-ბოკერიას მიერ მართული ორგანიზაციები გეგმავენ პროვოკაციას ოკუპანტის მიერ უკანონოდ გავლებულ მავთულხლართებთან, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას და მიხეილ სააკაშვილს მისცემს იმის შესაძლებობას, რომ გამოაცხადოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, ეს კი ავტომატურად გამოიწვევს მისი საპრეზიდენტო ვადის გახანგრძლივებას", - ნათქვამია განცხადებაში.

თანასწორობის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საზოგადოება მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებს და ნაციონალურ მოძრაობის მიერ "ადგილზე დაგეგმილ პროვოკაციას არ აყვეს". 

"ასევე მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს, პირად კონტროლზე აიყვანონ ყველა პროვოკატორი, რომელიც შეეცდება სიტუაციის ხელოვნურად გამწვავებას", - ეწერა განცხადებაში.

პარტიის ოფისთან ირაკლი კაკაბაძეც იმყოფებოდა. მან თქვა, რომ სააკაშვილი 1984 წლიდან რუსეთის ინტერსებს ემსახურებოდა.

"1984 წლიდან 1992 წლის ჩათვლით სააკაშვილი ემსახურებოდა რუსეთის ინტერსებს. სწორედ ამიტომ მივმართავთ მის პარტიას განცხადებით, გაასაჯაროოს მისი ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელიც 1989-90 წლებში საქმიანობას შეეხება და რომელიც ავტობიოგრაფიაში დაკონკრეტებული არ არის. ესაა აშკარა ინტერესთა კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის", - აღნიშნა კაკაბაძემ. 

თანასწორობის ინსტიტუტის წევრთა განმარტებით, უკვე მომზადდა გაეროს საბჭოს წევრი ქვეყნების საელჩოებისადმი მიმართვა, რომელშიც ისინი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აპირებენ.

კომენტარები