ბაჩო ახალაიას საქმე

ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორი მეორედ შეიცვალა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლოს დასკვნით პროცესზე პროკურორმა ია დარჯანიამ თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის თქმით, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ გააჩნია. ამის გამო, დარჯანიამ ითხოვა, რომ სხვა პროკურორმა - ლევან ადეიშვილმა ჩაანაცვლოს. ია დარჯანია პროცესზე დღეს სწორედ ლევან ადეიშვილთან ერთად გამოცხადდა.

დარჯანიას განცხადებით, თავად და ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი აფხაზეთიდან არიან. შესაბამისად, პროკურორის თქმით, მათ ჰყავთ საერთო ნაცნობები, რომლებიც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.

"ჩემზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც პირადად, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით. ამასთან, ჩემი მეგობარია ახალაიას ადვოკატი გოგა ონიანი. სოციალურ ქსელებში ამ საკითხს, ასევე ფოტოს, რომელზეც მეორე ადვოკატ რომეო საჯაიასთან ერთად ვარ, გარკვეული დისკუსიები მოჰყვა. ამ ყველაფერთან ერთად, მე ვამბობ, რომ გამიჭირდება ობიექტური გადაწყვეტილების მიღება და ვითხოვ საკუთარი თავის აცილებას", - განაცხადა პროკურორმა, რაც დაცვის მხარემ გააპროტესტა. ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის თქმით, არ უნდა დაკმაყოფილდეს პროკურორის შუამდგომლობა, რადგან მას არ გააჩნია მყარი არგუმენტები.

"დარჯანიას ქმედება ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის შეგნებულ გაჭიანურებას ემსახურება. მასთან მეგობრული ურთიერთობა არასოდეს მქონია და ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სამსახურით შემოიფარგლებოდა", - ამბობს ონიანი.

ადვოკატ რომეო საჯაიას თქმით კი, ის, რომ დარჯანიას მასთან ფოტო აქვს გადაღებული, არ ნიშნავს, რომ რაიმე სახის ურთიერთობა აქვს.

"ასე ყველა პროკურორთან მაქვს ფოტო გადაღებული", - განაცხადა რომეო საჯაიამ.

ხოლო ბრალდებულ ბაჩო ახალაიას შეფასებით, "არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს, რომ პროკურატურის ქმედებები სასამართლო პროცესების გაჭიანურებას არ ემსახურება".

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განმარტებით, როდესაც პროკურორი ეჭვობს, რომ ვერ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ის საქმეს უნდა ააცილონ. შესაბამისად, მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე შემდეგი პროცესიდან ახალი პროკურორი იქნება.

„იმედია, ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს შეგიწყობთ, ინტელექტიც გეყოფათ იმისათვის, რომ პროცესი დაასრულოთ. მომდევნო პროცესზე ან დასკვნითი სიტყვით წარსდგებით, ან უარს იტყვით ბრალდებაზე“ – მიმართა მოსამართლემ ლევან ადეიშვილს. პროკურორმა საქმის მასალების გაცნობის მიზნით გარკვეული დრო ითხოვა და პროცესი 17 ოქტომბერს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორი მეორედ შეიცვალა. რამდენიმე სხდომის წინ, პროკურორი რევაზ ნადოი ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა პროცესზე. ის პროკურორმა ია დარჯანიამ ჩაანაცვლა. მან საქმის მასალების გასაცნობად, ერთი თვე ითხოვა, თუმცა, მოსამართლემ ათი დღე მისცა. წინა სხდომაზე, დარჯანიამ განაცხადა, რომ მასალების მოცულობიდან გამომდინარე, დრო არ ეყო და კიდევ ოცი დღე ითხოვა. მოსამართლემ მისი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ერთი კვირა დაუმატა. დასკვნითი პროცესი დღეს უნდა გამართულიყო. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ "პროკურატურა გარბის" და საქმეს განგებ აჭიანურებს. 

კომენტარები