0 კომენტარი

მორალური სენტიმენტი და რაციონალური პროგრამა

პოლიტიკური იდეოლოგიები გარეგნულად რაციონალური კონსტრუქციებია. მაგრამ თუ მართლა გვინდა მათი გაგება, უნდა ჩავიდეთ იმ ძირეულ ადამიანურ ემოციებთან თუ მორალურ ხედვებთან, რასაც ისინი ემყარება.

მაგალითად, რა არის სოციალიზმი, ან მემარცხენეობა (ჩავთვალოთ, რომ ეს არსებითად ერთი და იგივეა)? დღეს, როცა ჭკუათმყოფელი ხალხი აღარ მოითხოვს საწარმოთა ნაციონალიზაციას და აღიარებს (ხანდახან უხალისოდ), რომ მატერიალურად უზრუნველყოფილ და თავისუფალ საზოგადოებას მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა ანუ კაპიტალიზმი ქმნის, ამ კითხვაზე პასუხი უფრო მეტად მორალურ სენტიმენტებშია საძიებელი.

ელიტური სოციალიზმი: სოლიდარობა

ჩემი დასავლელი მეგობრების და კოლეგების უმრავლესობა მემარცხენეა. რაც ბუნებრივია – იქ ან უნივერსიტეტის პროფესორებს ვიცნობ, ან დემოკრატიის მხარდამჭერი ორგანიზაციების მუშაკებს, ან დიპლომატებს, მათი უმრავლესობა კი პოლიტიკურად მარცხნივაა.

ჰოდა, ერთხელ ჩემმა იქაურმა მეგობარმა თავისი ბავშვობის სახლი მაჩვენა. მის მშობლიურ ქალაქს მთაგორიანი რელიეფი აქვს; როგორც ასეთ ქალაქებში ხდება, ზემო ნაწილში მქონებელი ელიტა ცხოვრობს, ქვემოთ კი – „უბრალო ხალხი". ის ელიტური ოჯახიდან იყო და ზემო ქალაქში გაიზარდა. მისი აივნიდან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლებოდა. რაღაც ასაკში, ალბათ, უფროსების საუბრიდან, მიმხვდარა, რომ ქვემო ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს არა აქვთ მასავით კარგი და მრავალფეროვანი სათამაშოები. ამის შემდეგ, გაუჩნდა ძლიერი სურვილი, იქიდანვე, თავისი აივნის სიმაღლიდან, მათთვის თავისი სათამაშოების ნაწილი გადაეყარა.

ეს ისტორია კარგი გრაფიკული მაგალითი მგონია იმ განწყობისა თუ მორალური სენტიმენტისა, რაც დასავლურ სოციალიზმს საფუძლად უდევს. საპირისპიროდ მითისა, თითქოს ის „მშრომელთა" ან მუშათა კლასის იდეოლოგიაა, სოციალიზმი უპირველეს ყოვლისა მქონებელთა კლასიდან გამოსული ინტელექტუალების განწყობაა. ერთი მხრივ, მას საფუძვლად უდევს ერთგვარი დანაშაულის გრძნობა საკუთარი პრივილეგირებული მდგომარეობის გამო, მეორე მხრივ კი – ჯანყი საკუთარი ოჯახის და სოციალური წრის წინააღმდეგ. (ამ ორიდან რომელია უფრო ღრმა და ძირეული, საინტერესო თემაა, მაგრამ მირჩევნია, მასში არ შევიდე).

განვითარებულ დემოკრატიებში არსებობს დე ფაქტო კონსენსუსი: კარგი და ღირსეული ცხოვრების საწინდარია საბაზრო ეკონომიკა სოციალიზმის ცალკეული ელემენტებით.

ნებისმიერ შემთხევაში, ამ, ელიტური სოციალიზმის ძირითადი იდეაა სოლიდარობა, სხვანაირად, თანაგრძნობა. მისი ძირითადი თეზისი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ჩვენ, ძირითადად უზრუნველყოფილმა ადამიანებმა, უნდა ვიფიქროთ მათზეც, ვისაც ბედმა არ გაუღიმა და უჭირს, ანუ სოლიდარულები ვიყოთ მათ მიმართ, და გვევალება, რაღაც ვიღონოთ მათ დასახმარებლად.

მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ: ლოგიკურად სულაც არაა აუცილებელი, ამ მორალური ემოციის მატარებელი ადამიანი სოციალისტი იყოს. შეიძლება, მან ქველმოქმედებას მიჰყოს ხელი და თავისი ქონების საგრძნობი ნაწილით უიღბლო და ხელმოკლე ადამიანებს შეეწიოს. ან საწარმოში ინვესტიცია ჩადოს და სამუშაო ადგილები შექმნას. ეს სულაც არ იქნება სოციალიზმი. ეს უკანასკნელი მაშინ იწყება, როცა ხელმოკლეთა დახმარება და ქონებრივი გათანაბრება სახელმწიფოს მხრიდან იძულებით მიიღწევა. სოციალიზმის მეტ-ნაკლებ რადიკალურობაზეა დამოკიდებული, რამდენად შორს წავა ეს იძულება: კერძო საკუთრებას საერთოდ გააუქმებ და ყველაფერს გაასაზოგადოებრივებ, თუ, უფრო ზომიერ ვერსიაში, მდიდრებს განსაკუთრებით მაღალ გადასახადებს დაუწესებ და მიღებულ სახსრებს უპოვართა დასახმარებლად დახარჯავ.

სოციალიზმი ქვემოდან: მატერიალური ინტერესი

მაგრამ, როგორც პოლიტიკური ძალა, სოციალიზმი ქალაქის ქვედა ნაწილის მცხოვრებთა („მშრომელთა") მხარდაჭერაზეა დამოკიდებული – ვისთვისაც ჩემს მეგობარს სათამაშოების გადაყრა უნდოდა. როგორია მათი სოციალიზმის მორალური და ფსიქოლოგიური საფუძველი?

განზოგადება ყოველთვის სახიფათოა, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვემოქალაქელები, როგორც წესი, პრაგმატული ხალხია: იდეოლოგიაზე უფრო კონკრეტული მატერიალური სარგებელი აინტერესებთ. მათ ტიპურ ორგანიზაციად იქცა პროფკავშირი: გაერთიანება ჯგუფური მატერიალური ინტერესის დასაცავად. სოლიდარობა აქაც გვაქვს, მაგრამ ეს ის სოლიდარობა არაა, რაზეც ინტელექტუალი სოციალისტები საუბრობენ: ის ჯგუფურია და არა ზოგადკაცობრიული. მემარცხენე ელიტა ძალიანაც ცდილობდა, პროფკავშირები ზოგადად „მშრომელთა" დაცვის ორგანიზაციებად წარმოედგინა და მათთვის რაღაც მეტაფიზიკური დღის წესრიგი მოეხვია თავზე (ამას ერქვა „სოციალისტური იდეების შეტანა მუშათა კლასში", ან, დღევანდელ ენაზე, „ცნობიერების ამაღლება"), მაგრამ ბევრს ვერაფერს მიაღწია: ოპორტუნისტი „მშრომელები" ჯიუტად არჩევდნენ დღევანდელ კვერცხს ხვალინდელ ქათამს.

1968 წლის მოვლენები წყალგამყოფი აღმოჩნდა, როცა დასავლურმა მემარცხენე ელიტამ ხელი ჩაიქნია საკუთარ „გაბურჟუებულ" მშრომელებზე და ე.წ. პოსტმატერიალურ დღის წესრიგზე გადაერთო (ქალთა უფლებები, გარემოს დაცვა და ა. შ.). პარალელურად, შეიქმნა ახალი მითი გლობალურ (მესამე სამყაროს) პროლეტარიატზე, ვისმა წარგზავნილებმაც, სხვათა შორის, ნელ-ნელა შეავსეს ევროპული ქალაქების არაელიტური უბნები.

ჩვენი სოციალიზმი: შური და პარაზიტიზმი

გიორგი გვახარიამ ახლახან ბლოგი გამოაქვეყნა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე, სადაც გულისტკივილი გამოთქვა იმის გამო, რომ ჭიათურაში დაღუპული მაღაროელების ბედით დიდად არავინ შეწუხებულა – ანუ, სოლიდარობა არ გამოუხატავს. ჭეშმარიტად: სოლიდარობის მორალური ემოცია ქართულ საზოგადოებაში ძალიან სუსტია, თუ შენი სოციალური წრის წარმომადგენელზე არ არის საუბარი.

ნიშნავს თუ არა ეს, რომ სოციალისტური ტიპის აზროვნება საქართველოში პოპულარული არაა? პირიქით, ე.წ. უბრალო ხალხის დონეზე ის სრულიად დომინირებს. ამის მაჩვენებელია ის, რომ არჩევნების წინ აბსოლუტურად ყველა პარტია ეჯიბრება ერთმანეთს მემარცხენე პოპულიზმში, თუმცა მერე რადისონში ან მარიოტში იგივე ხალხი უცხოელ სტუმრებს უხსნის, მემარჯვენე-ცენტრისტები ვართო. ჭეშმარიტების კრიტერიუმი პოლიტიკური ბაზარია: მიმწოდებელი (პოლიტიკური კლასი) საზოგადოებას სთავაზობს იმას, რაც კარგად იყიდება.

რა მორალური შინაარსი დგას ამ პროგრამების უკან? მიმწოდებელთა მხრიდან – ცინიზმი. ხალხი ბნელია და თუ გინდა, ხმა მოგცეს, უფასო და უშრომელ ბედნიერებას უნდა შეჰპირდე. მერე რომ მოგკითხავენ, სად არის დანაპირებიო? არა უშავს, რაღაცნაირად დავაბოლებთ.

თვითონ „ხალხს", ანუ ტიპურ ამომრჩეველს, ვისზეც ეს ყველაფერი გათვლილია, მოლოდინი აქვს, რომ ვიღაცა უპატრონებს, მიხედავს და ამით „ეშველება": ესაა კარგი და სამართლიანი ცხოვრების ხატი. ის, რომ თვითონ უნდა გამოიჩინო სოლიდარობა სხვის მიმართ, ანუ მზად იყო, საკუთარი შემოსავლიდან მაღალი გადასახადები გადაიხადო და ამით საშუალება მისცე სახელმწიფოს, ხელმოკლეს და უპოვარს დაეხმაროს, თავში თითქმის არავის მოსდის. ეს თემა, უბრალოდ, არ არსებობს.

ბანალურია იმის თქმა, რომ ასეთი ვითარება საბჭოთა სოციალიზმის, თავის დროზე სწორედ ინტელექტუალი მემარცხენეების შექმნილი სისტემის, გამოცდილებიდან მოდის. მასში ვერ შეიქმნებოდა სოციალური ფენა (ე.წ. საშუალო კლასი), რომელიც შეჩვეულია მატერიალურ კეთილდღეობას, როგორც ნორმალურ ვითარებას, და რომელშიც შეიძლება ნელ-ნელა ჩამოყალიბდეს სხვების მიმართ სოლიდარობის მორალური განცდა. ჩვენი სოციალიზმი თავისი შინაარსით პარაზიტული ოცნებაა: სახელმწიფო სადღაც (რა ჩემი საქმეა, სად) იშოვის ფულს და მერე მაჩუქებს.

საერთოდ, გვყავს ევროპული სტილის ელიტური სოციალისტები? ძალიან ცოტა და მათ შემიძლია „უბედური სოციალისტები" ვუწოდო. უბედურების წყარო მორალური სტატუსის დეფიციტია. ეს ძირითადად ის ხალხია, ვინც დასავლეთში იცხოვრა, ისწავლა, იმოგზაურა (ეს აქცევს დღევანდელ საქართველოში ადამიანს „ელიტად") და მემარცხენე განწყობები იქიდან ჩამოიტანა. იქ ისინი შეეჩვივნენ, რომ „კარგ საზოგადოებაში" დიდი უმრავლესობა მემარცხენეა, ჩვენში კი ეს ლამის ეგზოტიკური იშვიათობაა. ბოლო დრომდე მაინც, ჩვენს ინტელექტუალურ კლასში მემარჯვენე ლიბერალიზმის იდეები დომინირებდა, რაც „რეალური სოციალიზმის" შედარებით ახლო გამოცდილებით შეიძლება აიხსნას. „უბრალო ხალხის" სოციალიზმს კი (რომელსაც წარმოადგენს, ვთქვათ, ლეიბორისტული პარტია) ნაევროპალი ელიტა ასეთად არ ცნობს.

გარეგნულად პარადოქსული, თუმცა ლოგიკურია, რომ ნაციონალური მოძრაობის, ანუ მემარჯვენე ლიბერალების, მმართველობის ხანა შეიძლება ამ მხრივ გარდატეხის დასაწყისი აღმოჩნდეს: ელიტურმა ინტელექტუალურმა მოდამ სწორედ ამ დროს დაიწყო მარცხნივ გადახრა. სავარაუდოდ, ეს ელიტური მემარცხენეობა ისეთივე ზედაპირულია, როგორც მასების მართლმადიდებლობა: ჭიათურელი მაღაროელების ბედი, როგორც ვნახეთ, დიდად მაინც არავის აღელვებს. სამაგიეროდ, აქტიურობენ სტუდენტები, ვისაც სწავლის საფასურის გადახდა არ უნდა და ამას მემარცხენეობით ამართლებს.

გულისხმიერი მემარცხენეები და გულქვა მემარჯვენეები

მემარცხენეები იმიტომ არსებობენ, რომ მემარჯვენეებს დაუპირისპირდნენ: ისტორიულადაც ასეა და ლოგიკურადაც. ბრძოლა მიდის როგორც მორალურ-ემოციურ, ისე რაციონალურ-პროგრამულ დონეებზე. რა ფსონებია ამ დაპირისპირებაში?

ზოგადად, მემარჯვენეები დღეს მემარცხენეებზე უფრო მრავალსახოვანი ჯგუფია: სიმარტივისთვის გავჩერდები მხოლოდ მათზე, ვისაც მემარჯვენე ცენტრისტებს ან მემარჯვენე ლიბერალებს უწოდებენ.

როცა საქმე რაციონალურ პროგრამებს შეეხება, მათი უპირატესობა აშკარაა. ბოლო საუკუნის პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ექსპერიმენტებმა სრული სიცხადით დაადგინა, რომ თავისუფალი ბაზრის პირობებში ადამიანები გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე სოციალიზმის სხვადასხვა ვარიანტში. მეტიც: დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ეკონომიკა თავისუფალ ბაზარზეა დამყარებული. ამ დასკვნებთან სერიოზული კამათი შეუძლებელია. 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა იმედის ნაპერწკალი გაუჩინა მემარცხენეებს: „აი, ახლა კი დაერხა კაპიტალიზმს", თუმცა ეს ნაპერწკალი იქვე მინავლდა.

ჩვენი სოციალიზმი თავისი შინაარსით პარაზიტული ოცნებაა.

მაგრამ მემარჯვენე ლიბერალებიც – ყოველ შემთხვევაში, ყველაზე რადიკალურ, ლიბერტარიანულ თუ „ნეოლიბერალურ" ვერსიაში, მთლად გამარჯვებულად ვერ ჩათვლიან თავს. ყველა დემოკრატიული კაპიტალისტური ქვეყანა ამავე დროს სოციალისტურია – ოღონდ რაღაც ზომით. თუმცა ყველგან თავისუფალი ბაზარია, სახელმწიფო მაინც აქტიურად ერევა ეკონომიკაში, მისივე სტაბილობის, ზრდის დაჩქარების, ან, განსაკუთრებით, სოციალური სოლიდარობის მოტივით. „წმინდა" საბაზრო ეკონომიკა თითქმის ისეთივე უტოპიაა, როგორც გამარჯვებული სოციალიზმი.

განვითარებულ დემოკრატიებში არსებობს დე ფაქტო კონსენსუსი: კარგი და ღირსეული ცხოვრების საწინდარია საბაზრო ეკონომიკა სოციალიზმის ცალკეული ელემენტებით. პოლიტიკური ბრძოლები დეტალებზე მიდის: სახელმწიფოს მხრიდან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები რეგულაცია, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები სოციალური ვალდებულება, მოკლედ, ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები სახელმწიფო. 1970-იანი წლების თეტჩერ-რეიგანის მენტალური რევოლუციის შემდეგ, შეტევაზე ნაკლები სახელმწიფოს მომხრეები არიან; მაგრამ მაინც, თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს.

ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იდეოლოგიური ბრძოლები ნაკლებად მწვავე და შეურიგებელია: უფრო პირიქით. სიმწვავეს განაპირობებს ის, რომ ბრძოლის ეპიცენტრმა პროგრამულიდან (და, შესაბამისად, რაციონალურიდან) მორალურ საკითხებზე გადაინაცვლა. ფსონი არის არა იმდენად სამთავრობო კაბინეტები ან სახელმწიფო ბუჯეტების ზომა და განაწილება, არამედ მორალური სტატუსი: ვინ იქნება ჭეშმარიტების და სიკეთის მასწავლებელი?

აი, ამ დონეზე კი გლობალური უპირატესობა მემარცხენეებმა მოიპოვეს. მათი ძირითადი გზავნილი ასე გამოიყურება: შეიძლება, ეკონომიკური განვითარების და პოლიტიკური მოწყობის კონკრეტული რეცეპტები დიდად აღარ გვაქვს, სამაგიეროდ, უფრო მორალურები ვართ. მემარცხენეს ამოძრავებს სოლიდარობა, ის თანაუგრძნობს ადამიანებს, მემარჯვენე კი გულქვა ინდივიდუალისტია, რომელიც, თავისუფლების დროშის ფრიალით, მოყვასის მიმართ გულგრილობას ამართლებს.

ტრადიციული კლიშე: მემარჯვენე ლიბერალები თავისუფლებას ანიჭებენ უპირატესობას, მემარცხენეები კი – თანასწორობას, პირველთათვის წაგებიანია. თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანები ინდივიდუალურ თავისუფლებას თავისთავად ცხად მოცემულობად მიიჩნევენ, ეს პრობლემად აღარ აღიქმება. როგორც არ უნდა ვაკრიტიკოთ ჩვენი დემოკრატია, ქართული საზოგადოებაც თანდათან აქეთ მიდის. მაგრამ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა პრობლემად რჩება. ეს პარადოქსია: პროგრამულმა გამარჯვებამ მემარჯვენეებს მორალური პრობლემა შეუქმნა. თუ შევთანხმდით, რომ საბაზრო ეკონომიკის გარეშე კარგად ვერ ვიცხოვრებთ, უთანასწორობა (რასაც უსამართლობის განცდაც ახლავს თან) გარდუვალი ყოფილა. მემარჯვენეები ამ უთანასწორობის თუ უსამართლობის დამცველები გამოდიან, რაც მემარცხენეებს მორალური უპირატესობის შეგნებას უქმნის.

მემარჯვენე ლიბერალების ყველაზე ეფექტური იარაღი დისკუსიის კონკრეტიზაცია და რაციონალიზაციაა. პირველ რიგში, არაფერს ეყრდნობა იმის მტკიცება, თითქოს მემარცხენეები ზოგადად უფრო თანაუგრძნობენ გაჭირვებულებს, ვიდრე მემარჯვენეები: ეს იდეოლოგიური ილუზიაა. პირიქით, არსებობს გამოკვლევები, რის მიხედვითაც მემარჯვენე შეხედულების ადამიანები უფრო ხშირად სწირავენ ფულს საქველმოქმედო მიზნით, ვიდრე მსგავსი შემოსავლის მქონე მემარცხენეები – თუმცა არც ამ მონაცემების განზოგადება იქნება სწორი. მორალურობა ინდივიდის თვისებაა და არა იდეოლოგიის. რაციონალური კამათი იმაზე შეიძლება, თუ კონკრეტულად როგორ უნდა მიაღწიო, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულად, ხოლო გაჭირვება ნაკლები იყოს. ასე თუ დავსვამთ საკითხს, მემარჯვენე პროგრამებს გადამჭრელი უპირატესობა აქვთ.

თუ მაინცდამაინც მორალურ კატეგორიებში გვინდა საუბარი, მემარჯვენე ლიბერალისთვის პრიორიტეტული კატეგორიაა პასუხისმგებლობა (რომელიც, როგორც ფილოსოფოსებისგან ვიცით, თავისუფლების გაგრძელებაა).

ოლიდარობა, მოყვასის თანადგომა ადამიანის ფუნდამენტური მორალური ემოციაა. მაგრამ ამ ემოციის ხმამაღლა გამოთქმა არ არის საკმარისი. ადამიანები იმაზე აგებენ პასუხს, თუ რას აკეთებენ ამ ემოციაზე დაყრდნობით და რა შედეგი მოაქვს მათ მოქმედებას, კერძოდ, მათ მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ პროგრამებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები