სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

უსუფაშვილი: გვინდოდა სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა და არა პოლიტიკურ თამაშში

0 კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს სურდა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა როგორც სპორტულ ღონისძიებაზე და არა - პოლიტიკურ თამაშში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღეიდან განსაკუთრებული ყურადღებით გააგრძელებს დაკვირვებას პროცესებზე და თუ საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სოჭის ოლიმპიადაზე პოლიტიკა ჭარბობს სპორტს, მაშინ მიიღებს ქვეყნის, სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების ღირსების შესაფერის გადაწყვეტილებას.

„თუ რუსეთი შეეცდება, რომ სპორტული ღონისძიება გადააქციოს პოლიტიკურ ღონისძიებად, თუ რუსეთი შეეცდება - არ და ვერ დაინახოს ჩვენი კეთილშობილური განზრახვა, მაშინ ჩვენც მოგვიწევს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მე პირადად ვთვლი, რომ რუსი სამხედრო მფრინავის იმ როლში გამოყვანა, რაზეც დღეს არის საუბარი, ძალიან ხაზგასმული ნაბიჯი და გზავნილია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის. სახელმწიფოები საკუთარ გმირებს თავად არჩევენ და ჩვენ ვერავის და არავის ჭკუას არ ვასწავლით, მაგრამ სახელმწიფოები ასეთ დროს მეტ ყურადღებას აქცევენ კონტექსტს, თუკი მართლა კეთილგანწყობილნი არიან და სურთ, რომ მოვლენებს ის სახელი ერქვათ, რაც მათ სინამდვილეში ჰქვიათ და უნდა ერქვათ" - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, რუსი მფრინავი ივან ნეჩაევი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ გმირის წოდება მიანიჭა, სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება. სწორედ მას დააკისრეს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ცეცხლის გატანის მისია. ივან ნეჩაევმა რუსულ პირველ არხს უთხრა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება "ამ ისტორიულ და საპატიო მისიას" და ეცდება - ღირსეულად შეასრულოს ის. ნეჩაევი აგვისტოს ომის დროს ბომბდამშენს მართავდა, რომლითაც საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა. საფრენი აპარატის დაზიანების მიუხედავად, მან უვნებლად შეძლო სამხედრო ბაზაზე დაბრუნება, რის შემდეგაც გმირის წოდება მიანიჭეს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, "თუ ახლა დავიწყებთ ჩხირკედელაობას - ვის ეჭირება ჩირაღდანი ხელში და ამის გამო დავიწყებთ ჩვენი პოზიციების გადახედვას, მგონი, ეს არასწორი იქნება და ჩვენს სახელმწიფოს არ მოუხდება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები