გრძელი ნათელი დღეები ოსკარზე

”გრძელი ნათელი დღეები” ოსკარის ნომინაციას მიუახლოვდა

geocinema.org.ge

ქართულმა ფილმმა ”გრძელი ნათელი დღეები” ოსკარის ნომინაციის მოპოვებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნარჩევ სიაში მოხვდა.

ამერიკულმა კინოაკადემიამ 100-ზე მეტი ფილმიდან 76 ნამუშევარი ამოარჩია, საიდანაც საუკეთესო ხუთი, მომავალი წლის ოსკარზე ნომინაციას მიიღებს. ”გრძელი ნათელი დღეები” ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ერთობლივი ნამუშევარია, ფილმის მოქმედება 1992 წელს ვითარდება და ორი თინეიჯერი მეგობარი გოგოს ისტორიას გვიამბობს. ნამუშევარმა არაერთი ფესტივალის ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, ბერლინისა და ჰონგ კონგის კინოფესტივალების ლაურეატია.

ოსკარის დაჯილდოება 2 მარტს გაიმართება და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის განკუთვნილი ოსკარის მოპოვების მთავარი ფავორიტები არიან - დანიელი რეჟისორის ტომას ვინტერბერგის ფილმი ”ნადირობა”, ირანელი რეჟისორის ასღარ ფარჰადის ნამუშევარი ”წარსული” და პაულო სორენტინოს იტალიური პროექტი ”დიადი მშვენიერება”.

კომენტარები