თბილისის მეტროპოლიტენი

ლევან კოპლატაძე: მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია

საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ზაზა გაბუნია თბილისის მეტროპოლიტენის ტექნიკური უსაფრთხოებისათვის ექსპერტული კვლევის ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისი განცხადებით, საჭიროა მეტროპოლიტენის ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასკვნები შესაბამისმა ორგანოებმა გააკეთონ. გაბუნიას თქმითვე, დღევანდელ სხდომაზე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორისგან ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის ლევან კოპლატაძის განცხადებით კი, საკრებულოს დღევანდელი გაფართოებული სხდომა კონსტრუქციულ ვითარებაში წარიმართა. ის მოხარულია, რომ საკრებულო დაინტერესდა მეტროპოლიტენთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციით. კოპლატაძის თქმით, ბოლო პერიოდში მიზანმიმართულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მეტროპოლიტენში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და შეიძლება ითქვას, იმაზე უკეთ არის დაცული, ვიდრე ბოლო 20-25 წლის განმავლობაში იყო. ამ მხრივ, ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, ჩვენ შევთავაზეთ საკრებულოს წევრებს, მომავალ კვირას მეტროპოლიტენში მედიატური გავმართოთ", - აღნიშნა ლევან კოპლატაძემ.

მისივე თქმით, მეტროპოლიტენში უსაფრთხოების სანიტარული ნორმების არარსებობისა და სხვა დარღვევების შესახებ ინფორმაციას გარკვეული ჯგუფი მიზანმიმართულად ავრცელებს, თუმცა მისთვის უცნობია, თუ ვინ არის ეს ჯგუფი. მისივე განცხადებით, მეტროპოლიტენში 2 800-მდე ადამიანია დასაქმებული და უსაფრთხოების ნორმები ყოველთვის მოწმდება.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა თბილისის მეტროპოლიტენში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. შეხვედრას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი ლევან კოპლატაძეც დაესწრო. სხდომას თბილისის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ უხელმძღვანელა.

 

კომენტარები