სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

ნიკა რურუა: ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას განცხადებით, მოციგურავე ელენე გედევანიშვილი თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე. მისი თქმით, გედევანიშვილი მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება. რურუას განმარტებითვე, სპორტსმენებს, რომლებსაც სურთ ოლიმპიადაზე წასვლა, შეუძლიათ ინდივიდუალურად გამოვიდნენ ოლიმპიური დროშის ქვეშ.

"ელენე გედევანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სპორტსმენია, თანახმაა, უარი თქვას სოჭის ოლიმპიადაზე, ის ელოდება მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა კულტურის ყოფილმა მინისტრმა.

მისივე შეფასებით, სოჭის ოლიპიადაზე უარის თქმით, საქართველოს ეძლევა საშუალება, რომ მსოფლიომ ყურადღება მიაქციოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პრობლემას. მისი თქმით, გაუგებარია მთავრობის არგუმენტები, თუ რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე. რურუას აზრით, ბოიკოტს მსოფლიო სწორად აღიქვამს.

"ჩვენ გვაქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ არ წავიდეთ ოლიმპიადაზე", - აღნიშნა ნიკა რურუამ. რაც შეეხება სანქციებს, კულტურის ყოფილი მინისტრის თქმით, სანქციები არ იქნება მძიმე, რადგან საქართველო მართალია. რურუას განცხადებით, რუსეთმა საგანგებოდ შეარჩია მეჩირაღდნედ აგვისტოს ომთან დაკავშირებული ადამიანი.

"ჩვენ ამ ღია და თავხედურ გამოწვევას პროტესტით უნდა ვუპასუხოთ. იქ წასვლით ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რუსეთი თავის ქმედებაში არ იყო მტყუანი, ეს საშიში რამაა", - აღნიშნა რურუამ.

 

კომენტარები