სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

გიორგი თარგამაძე: საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს. თარგამაძის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ვარკეთილში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"რუსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის ომის მონაწილე რუსი მფრინავის ოლიმპიადის მთავარ მეჩირაღდნედ ქცევით, თავად გადალახა ის წითელი ხაზი, რომლის შემდეგაც კითხვაზე - გამოიყენებს თუ არა რუსეთი სოჭის ოლიმპიადის საქართველოს საწინააღმდეგოდ საკუთარი მიზნებისთვის, პასუხი უკვე გაცემულია. ჩემთვის სრულიად გაუგებარია საქართველოს მთავრობის შუალედური პოზიცია მომავალში მოვლენების დაკვირვებასთან დაკავშირებით, რადგან მოვლენები უკვე მოხდა, რუსეთის ფედერაციამ იმოქმედა. ვფიქრობ, უკვე არათუ მომწიფებული, გადამწიფებულიცაა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ღირსებასა და თავმოყვარეობას წარმოაჩენს და რაც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებაში გამოიხატება. დღეს კიდევ ერთხელ გახდა ძალიან გასაგები და ნათელი, რომ საქართველოს ხელისუფლების ტონის არათუ გამკაცრების, არამედ ლოიალურობის ოდნავ შემცირების შემთხვევაში, როგორ მოიქცევა რუსეთი ყოველ შემდეგ ჯერზე. ამის მაგალითია ონიშენკოს განცხადებები, რომ საქართველოში ხარისხიანი ღვინის მწარმოებლებისთვისაც კი, რუსული ბაზარი კვლავ დახურულია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი არის არასაიმედო სავაჭრო პარტნიორი და რაიმე მნიშვნელოვანი იმედების დამყარება რუსულ ბაზარზე არის სიბეცე და ახლომხედველობა", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ პრესსამსახურის ინფორმაციით.

კომენტარები