ნარკომანიით დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა

სახელმწიფო ნარკომანიით დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს აღარ ააშენებს

ბაზალეთზე დაგეგმილი ნარკომანიით დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა საქართველოს საბიუჯეტო თანხებით აღარ განხორციელდება. 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში, ცენტრის მშენებლობისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის.

პროგრამა, რომელიც, ძირითადად, ნარკომანიით დაავადებულ პირთა ხანგრძლივ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, გაისად 1 მილიონ 770 ათასი ლარით შემცირდება და 568 ათას ლარს შეადგენს. ხოლო პროგრამის მოცულობა, რომელიც ნარკომანთა სტაციონარულ დეტოქსიკაციასა და პირველად რეაბილიტაციას, აგრეთვე, ჩამანაცვლებელი ნარკოტიკით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, 2 მილიონ 652 ათასი ლარით იზრდება და 6 მილიონ 78 ათას ლარს მიაღწევს.

ამ მიმართულებით საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა პარლამენტში განმარტა, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილი იყო ცენტრის მშენებლობა, რაც ბიუჯეტში მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა. მისი თქმით, ცენტის მშენებლობა მომავალ წელს საჭირო აღარ იქნება და აღნიშნული თანხის კლებამ, სხვაობა ციფრებშიც გამოიწვია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ნარკომანიით დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორმა ლევან ბარამიძემ განაცხადა, რომ ცენტრის მშენებლობა შეჩერებული არ არის და მიღებულია გადაწყვეტილება, პროექტის დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსების შესახებ. მისივე ცნობით, ბაზალეთზე ნარკომანიით დაავადებულ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის დაახლოებით 6.5 მილიონია საჭირო.

კომენტარები