საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი

ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს დაფინანსება გაეზრდებათ

სახელმწიფოსთვის 2014 წლის პრიორიტეტული მიმართულებები ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებია. მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს განიხილა. პროექტის თანახმად, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 355 მილიონი ლარით - 2,7 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გასულ წელთან შედარებით, 91 მილიონი ლარით მეტს მიიღებს და ჯამში, 764,3 მილიონი ლარით დაფინანსდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის კი, დაახლოებით 50 მილიონი ლარით მეტი, ჯამში, 290 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

როგორც კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, 2014 წელს გაგრძელდება 2013 წელს დაწყებული ახალი პროგრამების დაფინანსება.

"პენსიები და სოციალური დახმარებები მომავალ წელს სრულად, 12 თვის განმავლობაში დაფინანსდება. ამის გამო, სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება. სოციალური დაცვის და საპენსიო უზრუნველყოფისთვის 1 მილიარდ 902 მილიონი ლარი გამოიყოფა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 300 მილიონი ლარი, მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიის დაზღვევისთვის 280 მილიონ ლარამდე იქნება მიმართული. ჯანდაცვის სხვა პროგრამები ჯამში, 130 მილიონი ლარით დაფინანსდება", - აღნიშნავს თაბუაშვილი.

მისივე თქმით, სკოლების ვაუჩერული დაფინანსების ზრდისთვის განსაზღვრულია 410 მილიონი ლარი, საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 90 მილიონ ლარზე მეტი, პირველკლასელების კომპიუტერებით უზრუნველყოფა 22 მილიონი ლარით დაფინანსდება, დაახლოებით 10 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება სოფლებში სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფისათვის. ამასთან, მომდევნო წლებში დაგეგმილია 26 ახალი პროფესიული სასწავლებლის გახსნა და ამ მიმართულებით 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე. გარდა ამისა, მეცნიერების და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიმართულებით 38 მილიონი ლარი გამოიყოფა. სასწავლო-სამაგისტრო, დოქტორანტურის პროგრამების დასაფინანსებლად, გრანტის სახით, 76 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გიორგი თაბუაშვილმა რამდენიმე მსხვილი პროექტი გამოყო და თქვა, რომ 130 მილიონი ლარი დაიხარჯება სამელიორაციო სისტემების რეალიბიტაცია-ექსპლოატაციისთვის, ხოლო 68 მილიონი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებისთვის.

 

კომენტარები