საგარეო საქმეთა სამინისტო

ზალკალიანი ვაშაძის განცხადებაზე: ჩასაფრებულის და განაწყენებულის განცხადებაა

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ სამინისტროს მუშაობა პასიურია. ზალკალიანი ვაშაძის ნათქვამს "ჩასაფრებულის და განაწყენებულის პოზიციიდან გაკეთებულ განცხადებას" უწოდებს.

"ვაშაძეს ეს არ ნამდვილად არ ეკადრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოფილი კოლეგები ვართ და თუ მართლა გული შესტკივა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საგარეო მიმართულებით, შეუძლია, პირადადაც მოგვმართოს. ჩვენ არანაირად არ ვართ წინააღმდეგი, გავითვალისწინოთ, რას გვირჩევს, თუ, რა თქმა უნდა, მისი ეს განცხადება არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან მას არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და ამ მოძრაობის მიმართ სიმპათია არაერთხელ გამოუთქვამს", - თქვა ზალკალიანმა.

ზალკალიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრიფინგებს არ უსმენს.

"პირველ რიგში, მინდა განვაცხადო - თუნდაც ბოლო, ორშაბათის ბრიფინგზე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ძალიან მაღალ დონეზე დაფიქსირებულიყო სერიოზული მხარდაჭერა ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. სწორედ მინისტრის, მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს აპარატის, ჩვენი დიპლომატიური მისიების წარმატებული საქმიანობის შედეგია ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ქეთრინ ეშტონის, NATO-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტისგან, სადაც ძალიან მკაფიო მინიშნებები გაკეთდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე", - აღნიშნა ზალკალიანმა.

ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ვენაში ეუთოს მუდმივ საბჭოზე 10 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის გამოსვლა უკვე ჩანიშნული აქვს.

"ჩვენი თხოვნით ჩანიშნულია მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს მუდმივ საბჭოს გააცნობს საქართველოს პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიების ხაზის გასწვრივ მიმდინარე პროცესებზე. ეს განცხადება გავაკეთე კიდეც ორშაბათის ბრიფინგზე. გამგები ამას გაიგებდა და არ იტყოდა, რომ საქართველო არაფერს აკეთებს ეუთოში. იმავე ევროპის საბჭოსთან მიმართებაში, ამის შესახებაც ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ 5-6 ნოემბერს ჩანიშნულია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეს საკითხები უნდა იყოს განხილული, მათ შორის, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევა. მესამე, სადაც გრიგოლ ვაშაძე ბრალს გვდებს, თითქოს არაფერი გვაქვს გაკეთებული არაღიარებასთან მიმართებაში, მე აქ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო - სწორედ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და რამდენიმე ქვეყნისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აღიარეს, იქედან ერთ-ერთმა, ვანუატუმ, უკან წაიღო და ეს სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა. ჩვენ გავზარდეთ გაეროში იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციაზე მხარდამჭერების რაოდენობა. ასე რომ, არცერთ მის შენიშვნას ჩვენ არ მივიღებთ. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უხეში მცდელობა", - განმარტა ზალკალიანმა.

 

კომენტარები