27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

ბურჯანაძე: აშშ პირველი მოკავშირე იქნება, მეორე თუ მეხუთე, მნიშვნელობა არ აქვს

ნინო ბურჯანაძე
primerinfo.com

შეერთებული შტატები ნომერ პირველი, მეორე, თუ მეხუთე მოკავშირე იქნება, ამას არ აქვს მნიშვნელობა - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ რუსთავი 2-ზე, გადაცემაში - არჩევანი განაცხადა. მისი თქმით, არასწორია საკითხის დაყენება - ან რუსეთი, ან დასავლეთი. "დასავლეთს არაერთხელ უთქვამს, რომ თქვენ უნდა დაალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან - მათ შორის, შეერთებული შტატების პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ა.შ.," - ამბობს ბურჯანაძე.

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არის პრეზიდენტობის კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამაში ნახსენები რუსეთი და არცერთხელ - შეერთებული შტატები, ბურჯანაძე პასუხობს: "შეერთებული შტატები არის დასავლეთის განუყოფელი ნაწილი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს პროგრამაში დასავლეთთან ურთიერთობაზე, იგივე NATO-სთან ურთიერთობაზე, ამაში, მემგონი, შეერთებული შტატები იგულისხმება."

ბურჯანაძის თქმით, რამდენად ღრმა და მჭიდრო იქნება რომელიმე სახელმწიფოსთან საქართველოს ურთიერთობა, ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ეტაპზე საქართველოს კონკრეტულ ინტერესებზე. "მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება დასავლეთთან ნორმალური ურთიერთობა, მაგრამ ეს ურთიერთობა ხან იქნება უფრო ღრმა, შეიძლება იყოს შედარებით უფრო ნაკლებად ინტენსიური," - აღნიშნავს ბურჯანაძე.

კომენტარები