შემოსავლების სამსახურის განცხადება

შემოსავლების სამსახური ტაბულას ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას პასუხობს

0 კომენტარი

შემოსავლების სამსახური, ტაბულას ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის პასუხად, განცხადებას ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, გამოცხადებული ტენდერების ძირითადი მიზანია, შეიცვალოს ავტომანქანები, რომელთა ტექნიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, რადგან ეს მანქანები ხშირად გამოდის მწყობრიდან და გამოირჩევა ავტოტექმომსახურების მაღალი ხარჯით. 

"იმის გათვალისწინებით, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი მანქანებით გადაადგილება საფრთხეს უქმნის თანამშრომელთა სიცოცხლეს და აფერხებს სამუშაო პროცესს, ამასთან, მათი მომსახურების საგარანტიო ვადა ამოწურულია და, შესაბამისად, საკმაოდ  მაღალია ექსპლოატაციის ხარჯები, შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ჩაანაცვლოს ისინი ახალი ავტომანქანებით, რომელთაც ექსპლოატაციის 3-5-წლიანი გარანტია ექნებათ", - აღნიშნულია განცხადებაში.
 
შემოსავლების სამსახური აპირებს, შეიძინოს 5 ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანა, 6 მიკროავტობუსი და 2 პიკაპის ტიპის ავტომანქანა. "საჭიროდ მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ აღნიშნული მანქანები შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების ტექნიკას განეკუთვნება. ისინი რთულ მეტეოროლოგიურ და საგზაო პირობებში უნდა მოემსახურონ საბაჟო გამშვებ პუნქტებს, მათ შორის, მაღალმთიან და ძნელად მისადგომ რეგიონებში: ყაზბეგში, ვალეში, გუგუთში, ლაგოდეხში, სამთაწყაროში, ნინოწმინდაში, ახლო მომავალში კი - კარწახშიც. ყველა ეს პუნქტი დაშორებულია დასახლებული პუნქტებიდან და თანამშრომლები სამუშაო ადგილზე მისასვლელად სწორედ ამ მიკროავტობუსებით გადაადგილდებიან. ფურგონიანი მსუბუქი ავტომანქანებისა და მაღალი გამავლობის პიკაპების დამატებითი დანიშნულება კი სპეციალურად გაწვრთნილი საბაჟო სამოსამსახურეო ძაღლების ტრანსპორტირებაა. ასევე მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებია საჭირო საგადასახადო მონიტორინგის განსახორციელებლად მაღალმთიან რეგიონებში", - აღნიშნულია განცხადებაში.
 
განცხადების მიხედვით, ტენდერია გამოცხადებული 2 ტვირთმზიდის შეძენაზეც. "ტვირთმზიდები გამოიყენება საბაჟო კონტროლის სრულყოფილად განხორციელებისა და საეჭვო ტვირთების დეტალური დათვალიერებისათვის. მსგავსი ტექნიკური მონაცემების ახალი ტვირთმზიდის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 100000 ლარია. შეზღუდული ბიუჯეტის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის ტენდერი ითვალისწინებს მეორადი მოხმარების 2 ტვირთმზიდის შეძენას. მათ შორის, ერთი ტვირთმზიდი განკუთვნილია სგპ ყაზბეგისთვის, სადაც ტვირთების დათვალიერების რამპის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. მეორე ტვირთმზიდი ლოჯისტიკური საქმიანობის სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებისათვის თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას (გეზს) ესაჭიროება", - აღნიშნულია განცხადებაში.
 
როგორც შემოსავლების სამსახური აცხადებს, გამოცხადებული ტენდერების ღირებულებად მითითებულია 1250000 ლარი, თუმცა "ეს არის მიმდინარე ტენდერები და მათი ფაქტობრივი ღირებულება დადგინდება მხოლოდ ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები