ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილი: პროკურატურამ მეოთხედ მოითხოვა ჩემი საქმის განხილვის გადადება

www.ipn.ge

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა განაგრძობს საქართველოს ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და "საკუთარი თავის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას". ამის შესახებ მერაბიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აღნიშნავს, პროკურატურამ უკვე მეოთხედ მოითხოვა 26 მაისის საქმეზე სასამართლო განხილვის დაწყების გადავადება და სასამართლო პროცესი ნოემბრის დასაწყისში ჩაინიშნა. 

"ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ აქვს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ამოცანას წარმოადგენს ჩემი პატიმრობაში ყოფნა მაქსიმალურად შესაძლებელი ვადით, რაც გულისხმობს ბრალის წაყენებიდან 9 თვეს. სწორედ ამიტომ, პროკურატურის წარმომადგენლები ითხოვენ იმ საქმეებზე განხილვების დაწყების გადადებას, რომლებშიც არც ღირებული მოწმე ჰყავთ და არც მტკიცებულებები გააჩნიათ, რის გამოც სასამართლო პროცესი მოკლე ვადებში გამამართლებელი განაჩენით დასრულდება. სწორედ ამიტომ, მათ არ მოითხოვეს განხილვების დაწყების გადავადება სოციალური აგენტების საქმეზე, სადაც მოწმეთა აბსურდული რაოდენობა - 3969 მოწმე - იძლევა საშუალებას გაიწელოს სასამართლო პროცესი განუსაზღვრელი ვადით. მინდა ვუთხრა პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი გადაწყვეტილება, გამოიყენოს საქართველოს პროკურატურა და მართლმსაჯულება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად, არის სამარცხვინო და დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ კონკრეტულ უწყებას, ასევე ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას. მსგავსი სამარცხვინო საქციელი, როგორიც არის სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისთვის პოლიტიკური დავალებების მიცემა და მათი შესრულების იძულება, უხერხულ და დამამცირებელ მდგომარეობაში აყენებს ამ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებზეც დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობა დგას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს პრემიერმინისტრს, თავი დაანებოს ამ ადამიანების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას და საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ამ მეთოდებით ბრძოლას, ვინაიდან ეს პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას აყენებს ზიანს", - აცხადებს ვანო მერაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი სასამართლო პროცესები - 26 მაისის და გირგვლიანის საქმეებთან დაკავშირებით - 5 და 6 ნოემბერს გაიმართება. 

პროკურატურამ 26 მაისის და გირგვლიანის ეპიზოდებზე აღძრული საქმეების სასამართლოში განხილვის გადადება გასული თვის ბოლოსაც მოითხოვა. როგორც 20 სექტემბერს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, ამ საქმეების განხილვა რამდენჯერმე უკვე გადაიდო და ბოლო გადაწყვეტილებით, ოქტომბრის პირველ რიცხვებში უნდა დაწყებულიყო.

კომენტარები