ხანძრით დაზარალებულები

სამინისტრო საბას მოვაჭრეებს: ყველაფერი გავაკეთეთ კომპეტენციის ფარგლებში

mof.gov.ge

სავაჭრო ცენტრ საბას ტერიტორიაზე მოვაჭრეთა საყურადღებოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სამინისტრომ გაითვალისწინა გადამხდელების პრობლემები და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერი გააკეთა.

 ”1.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გადაუვადა მათ წლიური დეკლარაციების წარდგენის ვადა; 

 2.38-ვე გადამხდელს, რომლებმაც მოგვმართეს იძულებითი ღონისძიებების (ინკასო, ყადაღა) გაუქმების (არ გამოყენების) თაობაზე, დაუკმაყოფილდათ აღნიშნული მოთხოვნა; 

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 20 ივნისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა გამოიჩინა კეთილი ნება და პირადად გაუგზავნა თხოვნის წერილები ყველა იმ კომერციული ბანკის ხელმძღვანელს, რომელსაც გაცემული ჰქონდა სესხი სავაჭრო ცენტრ "საბას" ტერიტორიაზე მოვაჭრე გადამხდელთათვის (ინფორმაცია მოგვაწოდეს თავად გადამხდელებმა), რათა მათ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადაეხედათ ბანკებისადმი არსებული დავალიანების საკითხისათვის.

შედეგად, მეწარმეთა მიერ წარმოდგენილი სიიდან რვავეს საკითხი ბანკების მხრიდან განხილულ იქნა ინდივიდუალურად და რეალურად განხორციელდა მათი საბანკო დავალიანების რესტრუქტურიზაცია - გადავადება.

მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე, მეწარმეებმა დაადასტურეს ბანკების მიერ მათთვის სესხების გადავადების ფაქტი, თუმცა კვლავ მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კატეგორიულად აცხადებს, რომ ჩვენმა უწყებამ და პირადად მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და დღეიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აღარ აპირებს დამატებითი განმარტებების გაკეთებას!” - წერია განცხადებაში.

დღეს, სავაჭრო ცენტრ საბაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. მონაწილეები მინისტრისგან იმ პირობის შესრულებას ითხოვდნენ, რომელიც ბანკებისგან გრძელვადიანი კრედიტების გამოყოფას ითვალისწინებდა.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ქეთევან ბახტაძის თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულები ფინანსთა მინისტრს რამდენჯერმე შეხვდნენ და მისგან დახმარების შესახებ დაპირება მიიღეს. თუმცა, დაპირებები არ შესრულებულა. მისივე თქმით, ბანკებმა მათ კრედიტების გადავადებაზე უარი უთხრეს და ამის გამო მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.

კომენტარები