შსს

სამართალდამცველებმა წყალტუბოში უცნობი მამაკაცი იპოვეს

police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2013 წლის 3 ოქტომბერს შსს-ს საპატრულო დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვენეთის სამხარეო მთავარი სამმრთველოს წყალტუბოს რაიონული სამმრთველოს თანამშრომლებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, დაახლოებით 35-დან 45 წლამდე ასაკის უცნობი მამაკაცი იპოვეს, რომელიც ვერ ასახელებს თავის ვინაობას. პიროვნებას, სავარაუდოდ, სმენის და მეტყველების პრობლემა აქვს.

შსს მამაკაცის გარეგნობის აღწერილობასაც ავრცელებს. როგორც ირკვევა, პიროვნება ქართული იერსახის, თხელი აღნაგობის, სუსტი პირისახის, დაახლოებით 1,80 მ სიმაღლისაა, მას შავი-ჭაღარა მოკლე შეთხელებული თმა, შავი წვრილი რკალისებრი წარბები, სწორი ცხვირი და თაფლისფერი თვალები აქვს. დაკარგულს განსაკუთრებული ნიშნები არ აღენიშნება.

საავტომობილო გზაზე ნაპოვნ მამაკაცს ტანთ აცვია მოთეთრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის შარვალი, ლურჯი ფერის თეთრზოლიანი გრძელსახელოიანი პერანგი და შავი ფერის ტყავის ქურთუკი ელვაშესაკრავით.

აღნიშნული პიროვნების ამოცნობის შემთხვევაში, შსს მოქალაქეებს სთხოვს, დაუკავშირდნენ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს შემდეგ ნომრებზე: 577 526618, 577 529897.

კომენტარები