რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

სააკაშვილი: ქართველი პატრიოტები რუსეთის პატრიოტებთან საერთო ენას გამოვნახავთ

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმაზე საუბარი, რომ საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, ელემენტარული სიბრიყვეა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენციაში განაცხადა, სადაც რუსეთის საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

"ეს იგივეა, ვთქვათ, რომ ლაშა-გიორგი წამოეგო მონღოლების პროვოკაციაზე, ერეკლე მეორე - აღა-მაჰმად-ხანის პროვოკაციაზე. 2008 წელს ჩვენ დავიცავით, გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ვერ შეძლო ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერმა სახელმწიფოებმა, ანალოგიური შემოჭრის შემთხვევაში", - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, ანდრეი ილარიონოვი არ არის რუსეთის ხელისუფლების ქომაგი, მაგრამ რუსეთის, რუსი ხალხის და რუსული სახელმწიფოს დიდი პატრიოტია.

"ჩვენ, ქართველი პატრიოტები რუსეთის ნამდვილ პატრიოტებთან ყოველთვის მოვნახავთ საერთო ენას. ხალხი უნდა ცხოვრობდეს საუკუნეების მანძილზე და ჩვენი ვალია, იმ ცუდ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, შეცვლილი სიტუაციის პირობებში ავაშენოთ ახალი კეთილმეზობლური ურთიერთობები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თავის მხრივ, ილარიონოვმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის. მისი თქმით, რუსეთი და მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე საქართველოს რეფორმებს წარმატებულ და ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად განიხილავს. როგორც მან დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი ჯილდო მასთან ერთად ეკუთვნის ყველა იმ რუსს, რომლებიც იყვნენ და რჩებიან საქართველოს საუკეთესო მეგობრებად.

კომენტარები