პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: იმედია, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში თებერვალში გადმოვა

0 კომენტარი

დავით უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში თებერვალში გადმოვა. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიზნეს სექტორთან შეხვედრისას განაცხადა. უსუფაშვილის თქმით, ბიზნესსექტორთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.  

"კარგი იქნება, ბიზნესმენები შესაბამისი პროფილის საპარლამენტო კომიტეტების წარმომადგენლებს კვარტალში ერთხელ მაინც შეხვდნენ და ყველა საკანონმდებლო ინიციატივაზე ინტენსიურად ვითანამშრომლოთ. ქუთაისში პარლამენტის ყოფნა ამ თვალსაზრისით ბევრ რამეს აფერხებს და იმედი მაქვს, საკანონმდებლო ორგანო თებერვალში ქუთაისიდან დედაქალაქში გადმოვა" - ამბობს უსუფაშვილი და ბიზნესმენებს მოუწოდებს, დღევანდელი პარლამენტის საქმიანობის და ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივების ნუ შეეშინდებათ. 

"მეუბნებიან, რომ დღევანდელი პარლამენტის მიმართ ბიზნესწრეებში გარკვეული ხიფათის განცდა არსებობს. ფიქრობენ, რომ პარლამენტი ხანდახან თავის ჭკუაზე რაღაცის გაკეთებას აპირებს ხოლმე. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ გისურვებთ, ყველაზე დიდი საფრთხე პარლამენტიდან მოდიოდეს და არა სხვა ორგანოებიდან. პარლამენტში თუ რაიმე საფრთხეა, მასთან გამკლავება გაცილებით მარტივი და ადვილია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახელმწიფო უწყებასთან. დღევანდელ პარლამენტში მართლაც ნამდვილი პარლამენტი იბადება, სადაც პარლამენტი ერთი ან ორი კაცის ნების აღმსრულებელი კოლექტიური ორგანო არ არის და სადაც შეიძლება დებატები და დებატებით საკითხების გადაწყვეტა. ეს დემოკრატიისათვის ისეთივე აუცილებელი პირობაა, როგორც თქვენთვის ფინანსები. ნუ შეგაშფოთებთ ის ამბავი, თუკი გაიგებთ, რომ პარლამენტმა რაღაც კანონპროექტზე დაიწყო მსჯელობა, რაც არც თუ ისე კარგს უქადის ბიზნესს. პარლამენტის წევრმა შეიძლება დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, მას ამის უფლება აქვს, პროცესი სწორედ ამის შემდეგ იწყება. მოდით, ერთად ჩავერთოთ ამ პროცესში. ვიმსჯელოთ და გავასწოროთ რაღაც-რაღაცები", - მიმართა ბიზნესმენებს დავით უსუფაშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები