ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობა

EMC ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისთვის პროექტს იწყებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იწყებს პროექტს - ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების პლატფორმა. პროექტის მიზანია, შექმნას ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობასა და თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული სააზროვნო სივრცე. ცენტრის განცხადებით, პროექტი გულისხმობს აქტივისტების ჯგუფის შექმნას, მათი თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ამ ჯგუფის მიერ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას ოთხი ძირითადი თემატური მიმართულების მიხედვით: რელიგიის თავისუფლება და სეკულარიზმი; ლგბტ პირთა უფლებები; ქალთა უფლებები; სოციალური სახელმწიფოს კონცეფცია.

აქტივისტების ჯგუფს, შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ზემოთ მითითებულ თემებზე ჩაუტარდებათ თეორიული ლექციები/დისკუსიები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებსა და ადამიანის უფლებებში. ჯგუფის წევრები ჩაატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს. მოამზადებენ ბლოგებს, გამოხმაურებებს და სოციალურ არტს. 

პროექტის ხანგრძლივობის ვადა 3 ან 5 თვეა. მისი დასრულების შემდეგ, EMC ხელს შეუწყობს დაინტერესებული მონაწილეების სამოქალაქო აქტივობის გაძლიერებას.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან ჰუმანიტარული, სამართლის, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტების III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტები. ასევე, ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულები 30 წლამდე. მაღალი ინტერესის შემთხვევაში, ჯგუფის მონაწილეებად შეირჩევიან სხვა ფაკულტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებიც აკმაყოფილებენ შერჩევის კრიტერიუმებს.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 17 ოქტომბრამდე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] უნდა გაგზავნონ CV და ესე თემაზე: სეკულარიზმის კრიზისი საქართველოში და ამ მიმართებით სამოქალაქო საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევები (მაქსიმუმ 2 გვერდი). პროექტის მონაწილეები შეირჩევიან  CV-ის, ესესა და გასაუბრების საფუძველზე. პროექტში მონაწილეობა უფასოა.

კომენტარები