არჩევნები

„საარჩევნო ოცნება” თუ რეალობა?

მერაბ ბასილაია
0 კომენტარი

ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს ბუნებრივი სურვილი, იყოს წინამორბედზე უკეთესი და შინ – ელექტორატს, ხოლო გარეთ – საერთაშორისო თანამეგობრობას დაუმტკიცოს, რომ ის გაცილებით უკეთ მართავს პროცესებს, ვიდრე ამას წინა ხელისუფლება ახერხებდა. პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა საჯაროდ მოახდინეს დეკლარირება, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამ თვალსაზრისით გამორჩეული იქნებოდა. ბუნებრივია, ვიდრე საარჩევნო პროცესში ვართ, იმის განსჯა, ეს მხოლოდ მმართველი გუნდის კეთილშობილური ოცნებაა თუ რეალობა, ნაადრევია, თუმცა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონიტორინგისა თუ ოპოზიციური პარტიების პრეტენზიების საფუძველზე, გარკვეულ ტენდენციებზე საუბარი ამთავითვე შეიძლება.

ერთ-ერთი ძირითადი პრეტენზია, რომელიც მთავარი ოპოზიციური პარტიის – ნაციონალური მოძრაობის მესვეურებს აქვთ, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს და პარტიის გენერალური მდივნის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით ანალოგის პოვნა წინა არჩევნებთან რთული იქნება, რადგან პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრების და მათ მიმართ ძველ საქმეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი დევნის პრეცედენტი საარჩევნო პროცესში აქამდე არ ყოფილა.

ძალადობრივი საარჩევნო გარემოს პრობლემა როგორც 2012 წლის საპარლამენტო, ასევე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გამოიკვეთა. თუმცა, განსხვავება სამართლებრივი რეაგირების ფორმებში იყო: თუ კარალეთისა და მერეთის ინციდენტები, რომელთაც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი, ინციდენტების მონაწილეთა ადმინისტრაციული პატიმრობით დასრულდა, საპრეზიდენტო არჩევნებისას ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისში ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების დროს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებს საპასუხოდ 100-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა მოჰყვა.

ხადია, ძალადობრივ ქმედებებზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებაც ლეგიტიმურად ბადებს ამ ზომის ადეკვატურობის საკითხს, თუმცა 100-ლარიანი ჯარიმა, როგორც ეს უკანასკნელ შემთხვევებში იყო გამოყენებული, მით უფრო, განმეორებითი ქმედებებისთვის, ძალადობის წამახალისებელ ფაქტორად უფრო შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე ისეთ პრევენციულ სანქციად, რომელმაც შემდგომი ესკალაციის საფრთხე შეიძლება შეამციროს.

ფოტო: Reuters
კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც ორთავე არჩევნებზე გამოიკვეთა, საჯარო სექტორიდან თანამშრომელთა დათხოვნას უკავშირდება. საპარლამენტო არჩევნებზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა კომისიამ ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერების მიზნით, სპეციალური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც, სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, პოზიტიურად აისახა პროცესზე. ანალოგიური განაცხადი საპრეზიდენტო არჩევნების დროს იუსტიციის სამინისტროს ეგიდით მოქმედმა კომისიამაც გამოსცა, თუმცა თბილისის საკრებულოში პოლიტიკურად მოტივირებულ გათავისუფლებებზე განცხადებები ისევ კეთდება. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კი გათავისუფლების იმ ტალღაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც 2012 წლის 20 ოქტომბრიდან 2013 წლის 1-ლ მარტამდე პერიოდში 5149-მა საჯარო მოხელემ სამუშაო ადგილი დაკარგა. ცალკე მსჯელობის საგანია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები, როცა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ქართულმა ოცნებამ „ვიკინგური" შტურმით ადგილობრივ დონეზე იერიში განახორციელა და სამართლიანი არჩევნების 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2013 წლის 3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 55 მუნიციპალიტეტში – გამგებელი, ხოლო 31-ში საკრებულოს თავმჯდომარე შეცვალა, რასაც შედეგად 2321 თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა.

ისეთი ტრადიციის მქონე ქვეყანაში, სადაც მმართველი პარტიისა და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის კულტურა ჩამოყალიბებული არ არის, ვითარება 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდეგ არ შეცვლილა. ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი და ახალი კულტურის ჩამოყალიბება, ბუნებრივია, დიდწილად არის დამოკიდებული იმ საკანონმდებლო სანქციების ადეკვატურ განხორციელებაზე, რომელთაც შემდგომი პრაქტიკისთვის პრეცედენტის მნიშვნელობა და ძალა უნდა შეიძინოს. თუ საპარლამენტო არჩევნების დროს ამ მიმართულებით რამდენიმე ათეული საჯარო მოხელე ადმინისტრაციული რესურსის მმართველი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებისთვის დააჯარიმეს, ახალ პოლიტიკურ ვითარებაში ხელისუფლება ხშირად სირაქლემას პოზიციას იკავებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავად მათ არსებობას ხდის საკამათოდ (ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ სახელმწიფო ვერტმფრენის გამოყენება, საჯარო მოხელეთა მონაწილეობა საარჩევნო შეხვედრებში და სხვა).

ფოტო: Reuters
დაბოლოს, მედიაგარემო, რომელსაც საკუთრების გადანაწილება, მედიასაშუალების (პრემიერის საკუთრებაში არსებული მე-9 არხი) დახურვა, მმართველობაში არსებული ინსტიტუციონალური კონფლიქტი (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ გენერალური დირექტორის ორჯერ გადაყენება), საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით ნაკლები პოლიტიკური დებატები, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც კანონმდებლობა განუსაზღვრავს პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის შინაარსობრივ ვალდებულებას და საზოგადოებრივ არხზე ორი პოლიტიკური ტოკშოუს დახურვა გამოარჩევს.

რამდენად თვისობრივად უკეთესობისკენ შეიცვალა საარჩევნო გარემო საქართველოში, ამის შეფასება იმ ტენდენციების გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ცოტა ნაადრევია, თუმცა, ამ ეტაპზე ერთი რამ ცხადია: მიმდინარე საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების დაბალი ინტერესისა და პოლიტიკური კლასის მიერ დუნედ წარმართული საარჩევნო კამპანიის ფონზე, დარღვევები კვლავაც „აპრობირებულ" სახეს ინარჩუნებს, რიგ შემთხვევაში კი, უფრო დამძიმებული სახით წარმოჩინდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ადამიანით ვაჭრობის ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს

კომენტარები