ფანჯიკიძის განცხადება ეუთოში

ფანჯიკიძე: ხელისუფლების მიზანია, ჩაატაროს გამჭვირვალე, თავისუფალი არჩევნები

საქართველოს ხელისუფლების მიზანია, ჩაატაროს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ეუთოს მუდმივ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ფანჯიკიძის თქმით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩაივლის და საქართველოს პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

"ეს მიზანი არასდროს ყოფილა ასეთი მტკიცე, როგორც არის დღეს. მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა, რათა შეექმნა სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული გარემო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. დარწმუნებულნი ვართ, ეს არჩევნები სამაგალითო იქნება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენს ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, რაც მჟღავნდება ჩვენს კონკრეტულ მოქმედებებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მოახლოების ფონზე, ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მათი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

 

კომენტარები