საპრეზიდენტო არჩევნები

ზალკალიანი: რუსეთში საარჩევნო უბნებს რიგი სირთულეების გამო ვერ ვხსნით

mfa.gov.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რუსეთში საარჩევნო უბნების გახსნა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზალკალიანის განმარტებით, რუსეთთან ქართულ მხარეს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, ხოლო საარჩევნო უბნების გახსნა ძალიან ბევრ ორგანიზაციულ საკითხთან არის დაკავშირებული. 

"გარდა ორგანიზაციული საკითხებისა, არის უსაფრთხოების საკითხებიც. გარდა ამისა, ჩვენი ბოლო არჩევნები რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა 2003 წელს და მაშინდელი ინფორმაციით, მხოლოდ 5 000 კაცი იყო აღრიცხვაზე. საუბარი იმაზე, რომ მილიონობით ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას, არ არის სამართლიანი. რუსეთში მყოფი ქართველებიდან ძალიან ბევრს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი აქვს. არჩევნებში მონაწილეობას კი მხოლოდ ის პირები იღებენ, ვისაც აქვს საქართველოს პასპორტი და იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღესვე განმარტა, თუ რატომ არ გაიხსნება საარჩევნო უბნები საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამ ქვეყანაში - მოლდოვაში, რუმინეთსა და იორდანიაში. მისი თქმით, ამ ქვეყნებში საარჩევნო კომისიების წევრთა საჭირო რაოდენობა ვერ შეგროვდა.

"ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ძალიან ცოტაა. ჩვენი საკონსულო ყველანაირად ეცადა, რომ შეეკრიბა კომისიის წევრთა საჭირო რაოდენობა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ შეკრიბა. როდესაც ვერ იკრიბება კომისიის წევრების საჭირო რაოდენობა, ბუნებრივია, კომისიაც ვერ შედგება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საგარეო უწყებიდან სიები დროულად მიეწოდა, ერთადერთი გამონაკლისი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, კერძოდ, ნიუ იორკის საკონსულოდან, დროში განსხვავების გამო, ცესკოს სია რამდენიმე საათის დაგვიანებით მიაწოდეს. 

კომენტარები