გიორგი მარგველაშვილი ბრალდებებს პასუხობს

მარგველაშვილი თეატრალურ უნივერსიტეტში კორუფციის არსებობას უარყოფს

radiotavisupleba.ge
radiotavisupleba.ge

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მარგველაშვილი უარყოფს უნივერსიტეტში კორუფციის არსებობასა და შავ ბუღალტერიას. მისი თქმით მსგავსი განცხადებები ყოვლად დაუსაბუთებელი ცილისწამებაა.

გიორგი მარგველაშვილმა ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების ბრალდებებს უპასუხა და განაცხადა, რომ 2006 წლიდან მოყოლებული თეატრალურში თანხების ყველანაირი მოძრაობა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებთ, გადარიცხვების გზით ხდება. მისივე თქმით, ყოველი თეთრი აღრიცხულია და შავ ბუღალტერიაზე საუბარი უტიფარი ცილისწამებაა. 
რაც შეეხება სასწავლო ცენტრთან დაკავშირებულ ბრალდებებს, მარგველაშვილის განცხადებით, სასწავლო ცენტრი უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და მას ცალკე ბუღალტერია არ გააჩნია. შესაბამისად, სასწავლო ცენტრში შესული ყოველი თეთრი უნივერსიტეტის სალაროში შედის. მისივე ინფორმაციით, თეატრალური ყოველწლიურად აუდიტურ შემოწმებას გადის და არცერთი წლის შემოწმების შედეგად არანაირი დარღვევა თანხის გაცემასთან დაკავშირებით არ დაფიქსირებულა.

მარგველაშვილის თქმით, უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობაზე არჩევნები უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 
გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების მიერ გაკეთებული განცხადებები ალბათ არჩევნებთან კავშირშია, რადგან მათი ამოცანაა, შექმნან გარკვეული ემოციური ფონი, "როდესაც ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს თავის კანდიდატს და იწყებს არსებული რექტორის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ მსგავს კამპანიას, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი მიზნები, რა თქმა უნდა, ის ცდილობს ყველანაირი საშუალებით ამ მიზნების მიღწევას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორ-მასწავლებლებმა მარინა მიქაუტაძემ, გოგი დოლიძემ და გია ჭუბაბრიამ რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენცია გამართეს. მათ თეატრალურ უნივერსიტეტში არსებულ კორუფციაზე, ორმაგ ბუღალტერიასა და ფინანსურ დანაშაულზე ისაუბრეს. ამასთან, მარინა მიქაუტაძის ინფორმაციით, შექმნილია საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც თაკო ჩარკვიანს თხოვნით მიმართა, რათა 3 თვით რექტორის მოვალეობა შეასრულოს, შექმნას ახალი საბჭო და რექტორის თანამდებობის დასაკავებელი კონკურსისთვის ჯანსაღი გარემო შექმნას. 

კომენტარები