პრეზიდენტის მიმართვა

სააკაშვილი ძველაიას გარდაცვალების გამჭვირვალე და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს მიმართავს.

მიმართვაში წერია, რომ უკანასკნელ პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები ე.წ. ციხის მაყურებლებსა და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს შორის უკანონო კავშირების სისტემური ხასიათისკენ მიუთითებს.

"სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთხელ  იქნა აღიარებული  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის არსებობა, რაც წარმოადგენს უკანასკნელი წლების  ერთ-ერთი მთავარ მონაპოვარზე უარის თქმას და საფრთხეს უქმნის მთელი საზოგადოების უსაფრთხოებას. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ადრეც არსებობდა პრობლემები, რის თაობაზეც მე არაერთხელ განმიცხადებია, მაგრამ საგანგაშოა, რომ მრავალი წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში კვლავ შეინიშნება ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურება და მათ მიერ  პენიტენციარული სისტემის მართვაში პირდაპირი ჩარევა, რაც  უკვე გახდა არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი. სამწუხაროდ, თითოეული ასეთი მოვლენის კვალდაკვალ გვიხდება იმის დეკლარირება, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობას არ შესწევს უნარი, გაუმკლავდეს არსებულ რეალობას და გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასჯელაღსრულების სისტემაში უკანასკნელ ხანს წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად", - წერია მიმართვაში.

პრეზიდენტი ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმრის, 16 წლის გოგა ძველაიას გარდაცვალების ფაქტსაც ეხება.

"გუშინ  ვიმყოფებოდი გარდაცვლილის ოჯახში, შევხვდი მის მშობლებს და პირადად მოვისმინე ის კითხვები, რაც მათ მომხდართან დაკავშირებით აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, გოგა ძველაიას დაკავებას იმთავითვე პირადი მოტივები ედო საფუძვლად. ციხეში ყოფნის პერიოდში მას ჰქონდა კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომელთან და ე.წ. ციხის მაყურებლებთან, რის შესახებაც მან აცნობა დაწესებულების დირექტორს და სთხოვა, დაეცვათ ის შურისძიებისგან. ადმინისტრაციისთვის ისიც იყო  ცნობილი, რომ გოგა ძველაიასა და ე.წ. მაყურებლებს შორის აქამდეც იყო კონფლიქტი, რაც პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანებითა და მის სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებით დასრულდა. მიუხედავად ამისა, მშობლების განცხადებით, ციხის ადმინისტრაციამ ვერც ამჯერად უზრუნველყო ძველაიას უსაფრთხოება და ის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა", - ამბობს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ ვითარებაში აუცილებელია, სრულყოფილი, გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.  

"გოგა ძველაიას მშობლებს აქვთ უფლება, იცოდნენ, რატომ ვერ დაიცვა მათი შვილის სიცოცხლე ციხის ადმინისტრაციამ, რატომ აცნობეს მომხდარის შესახებ ოჯახს 8 საათის დაგვიანებით, რატომ ჩაუტარდა ცხედარს ექსპერტიზა მათი ინფორმირების  გარეშე, რატომ იქნა გაჟღერებული  თვითმკვლელობის ვერსია ასე ნაჩქარევად და რით ხსნის გამოძიება იმ ფაქტს, რომ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამდე რამდენიმე საათით ადრე, პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი გარდაცვლილის მშობლებს არ აქვთ. პასუხი ამ კითხვებზე არ აქვს არც საზოგადოებას", - აღნიშნავს სააკაშვილი მიმართვაში.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, მთავარ პროკურორსა და სახალხო დამცველს მოუწოდებს, "ჩაატარონ  სრულყოფილი, ობიექტური გამჭირვალე გამოძიება და მისი შედეგი, დაუყოვნებლივ ეცნობოს არა მარტო გარდაცვლილის ახლობლებს, არამედ საზოგადოებას, რათა მომავალში მაინც შევძლოთ ასეთი ტრაგედიის თავიდან აცილება", - წერია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

 

კომენტარები