ვანო მერაბიშვილის განცხადება

ბურჯანაძე: მერაბიშვილი და სააკაშვილი მყარად ჩაჯდებიან ციხეში

დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და მასა და მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჩასმას ჰპირდება.

"ეს სრული დეზინფორმაციაა. ვანო მერაბიშვილს 26 მაისის ბრალდებები სრულად რომ არ დაუწყვეს ცხვირწინ, ამდენ ლაპარაკს ამიტომ ბედავს, მაგრამ 27 ოქტომბერს, როცა ხელისუფლებაში მოვალ, მე მას ვპირდები, წარმოვადგენ ყველა იმ ობიექტურ მასალას, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში", - აღნიშნავს ბურჯანაძე.

დღეს ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ ნინო ბურჯანაძის ხელით, რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა სურს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი არჩევნების გაყალბების საბაბით 28 ოქტომბერს დაიწყება.

"ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს", - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში. 

მერაბიშვილის თქმით, კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს, ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს. 

"რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს, შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში - პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება", - აღნიშნავს მერაბიშვილი.

კომენტარები