წინასაარჩევნო დარღვევები

მარგველაშვილი TI-ს: არცერთი ადმინისტრაციული გადაცდომა არ გვქონია

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებას გამიეხმაურა და აღნიშნა, რომ მინისტრები მის ყველა შეხვედრას ესწრებიან და კანონი არსად არ ირღვევა.

"დღესაც ესწრებოდნენ ჩემს შეხვედრას მინისტრები, ყველა ჩემს შეხვედრაზე დგანან ჩემი კოლეგა მინისტრები. მე ეს მხოლოდ მეამაყება, არსად არ ირღვევა კანონი. კომიკურები ნუ გავხდებით. ჩემი კოლეგა მინისტრები იმ კოალიციიდან არიან, რომელმაც მე პრეზიდენტობის კანდიდატად დამასახელა და როდესაც მე მომავალზე ვსაუბრობ, მათთან ერთად ვსაუბრობ. ეს არის ერთიანი გუნდი და კანონი არსად არ ირღვევა, არცერთი ადმინისტრაციული გადაცდომა არ გვქონია", - აღნიშნა მარგველაშვილმა. მისივე განცხადებით, უფლება ჰქონდა, ყოფილიყო განათლების მინისტრი, თუმცა მას შემდეგ გადადგა, რაც კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. 

დღეს ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გიორგი მარგველაშვილის სააგიტაციო შეხვედრებში საჯარო მოხელეთა უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე ისაუბრა. ორგანიზაციის ინფორმაციით, 9 ოქტომბერს, ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ზუგდიდში ამომრჩეველს შეხვდა. TI-ის ცნობით, აქციაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი ზვიად მალაზონიაც იმყოფებოდა. 

"ასევე, აქციის დასრულების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერიან ხუბულავა იმყოფებოდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან, რომელთა მეშვეობითაც მოხდა აქციაზე მყოფი პირების ტრანსპორტირება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბრისას ვალერიან ხუბულავამ განაცხადა, რომ აქციაზე არ იმყოფებოდა, ზემოაღნიშნული გარემოება გვაფიქრებინებს, რომ ის შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო აქციის ორგანიზების პროცესში. ამ ორ ფაქტთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია საჩივრით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს", - აცხადებს TI საქართველო.

კომენტარები