რუსული ბაზარი

დღეიდან, ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის რუსული ბაზარი იხსნება

რუსული ბაზარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის დღეიდან გაიხსნება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 ოქტომბრიდან რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდება შესაძლებელი.

სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი რუსეთში 10 ოქტომბერს იმყოფებოდა, სადაც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს შეხვდა. დანკვერტის გადაწყვეტილებით, 7-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის რუსეთში გატანა განახლდება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები საქართველოს 15-21 აგვისტოს სტუმრობდნენ. რუსი სპეციალისტები ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნენ. გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ დაათვალიერეს ხილის, ციტრუსისა და თხილის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და შესანახი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები, ასევე საექსპორტო პარტიების ფორმირების და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესის ტექნიკური დეტალები.

"2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში უკვე დაშვებულია დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა.შ.), 14 ოქტომბრიდან კი რუსეთში ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდება შესაძლებელი", - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კომენტარები