კრიმინალი

კრიმინალი და დემოკრატია

სანდრო თარხან-მოურავი
0 კომენტარი

„ქურდობა კი მათთან არაა არავითარი, და თუკი ვინმე იქურდებს და მოიპარავს თუნდაც რამეს მცირედს, ასეთ ხალხს ახრჩობენ. ხოლო ვინც იცრუებს, იმას ენაში გაუყრიან თოკს და გაჰყავთ, ხოლო ხელებსა და ფეხებს დაუბამენ და დაჰყავთ ქუჩებში და აყენებენ, რომ ყველამ ნახოს".

ასეთი იყო ბიბლიური მცნებების დამრღვევთა ბედი მეჩვიდმეტე საუკუნის ლონდონში, რუს მოგზაურთა აღწერის მიხედვით.

იქნებ ინგლისის ისტორიაში ჩაღრმავებამ ფრაგმენტში უზუსტობებიც დაგვანახოს, თუმცა, კუნძულელები რომ 1808 წლამდე ჯიბგირობასაც კი სჯიდნენ საჩვენებელი ჩამოხრჩობით, ცნობილია.

შედარებით ლმობიერი ჩანს დემოკრატიული ათენის წესები. ათენელები სიკვდილით დასჯას მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ, როდესაც ქურდობა სახიფათოდ ან სამარცხვინოდ მიაჩნდათ. ასეთი იყო ღამით სახლში შეღწევა ან მძარცველობა აბანოებსა და გიმნაზიებში. სხვა შემთხვევებში, სასჯელი ქალაქიდან გაძევებით, პატიმრობით ან სულაც ჯარიმის გადახდით შემოიფარგლებოდა.

თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნები ლმობიერების მხრივ უფრო შორს წავიდნენ. ზოგ შემთხვევაში, იმდენად შორს, რომ საპირისპირო შეკითხვებიც ჩნდება: ხომ არ გავხდით ზედმეტად ლმობიერნი? ხომ არ არის სასჯელი იმდენად რბილი, რომ დამნაშავეს დანაშაულისგან ვეღარ აკავებს?

ნორვეგიაში, რომელიც მსოფლიოში პირველია ადამიანის განვითარების ინდექსით (HDI), 77 ადამიანის მკვლელი ანდერს ბრეივიკი 21-წლიანი პატიმრობით ისჯება, რაც სასჯელის უმკაცრესი ფორმაა. პატიმრობის დროს, ანდერსს ოსლოს უნივერსიტეტის კურსების გავლაც შეუძლია.

ასეთი უკიდურესობები კამათს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც იწვევს. თუმცა, დასავლელი მემარცხენეები და მემარჯვენეები, ლიბერალები თუ კონსერვატორები, თანხმდებიან ძირითადზე: დამნაშავეზეც უნდა გავრცელდეს ჰუმანიზმი. მიუღებელია კრიმინალის დასჯა კრიმინალური მეთოდებით, სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში შეიძლება განიხილებოდეს.

ციხის სკანდალმა თითქოს აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება იზიარებს თანამედროვე დასავლურ მიდგომას; კერძოდ, იმ რწმენას, რომ მძიმე დამნაშავე – ანუ ყველაზე უარყოფითი პერსონაჟიც კი – იმსახურებს ჰუმანურ მოპყრობას.

თუმცა, ოპონენტებისა და უმცირესობებისადმი დამოკიდებულებაში ჩანს, რომ საქმე უფრო რთულადაა, რასაც შარშანდელ, 18 სექტემბრის სვეტშიც შევეხეთ. შემდგომმა მოვლენებმა მაშინდელი მოსაზრებები დაადასტურა. ვიხილეთ მასობრივი ანგარიშსწორების სცენები. დისკუსიებში არ ცხრება ვნებები, რომლებიც სისასტიკით არათუ ძველბერძნულ მეთოდებს, აცტეკების მსხვერპლშეწირვებსაც არ ჩამოუვარდება.

ამავდროულად, თითქმის ურეაქციოდ დარჩა ახალი ინციდენტები ციხეში და ძალოვანთა მონაწილეობით მომხდარი ინციდენტები ციხის გარეთ.

მყარდება ეჭვი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჰუმანიზმით კი არ გამოირჩევა, გარკვეული ტიპის კრიმინალებთან ახდენს თვითიდენტიფიცირებას. ანუ, ზოგიერთი კრიმინალი „თავისიანად" მიაჩნიათ და ამიტომაც იცავენ. თანაც, სასურველია დაარწმუნონ, რომ პატიმართა მჩაგვრელი „ეროვნულობის" მტერიცაა.

არის მეორე ნაწილიც, რომლისთვისაც ჰუმანიზმი მეტ-ნაკლებად მყარი ფასეულობა აღმოჩნდა, თუმცა „მარგინალობისგან" ისინი მთავრობისადმი ლოიალობამაც ვერ იხსნა. მართლმადიდებლობის სახელით მოძალადეთა დასჯის განხილვა ფარსად იქცა. პარლამენტარებმა, ფაქტობრივად, თავად მოძალადეების დახმარებით დასცინეს და ცილი დასწამეს „ლიბერალთა" პეტიციის ავტორებს.

პატიმართა ბედით ჯანსაღ დაინტერესებას მეორე „გვერდითი ეფექტიც" მოჰყვა. სასჯელის სისასტიკისადმი წინააღმდეგობა ორ სადავო წარმოდგენას დაუკავშირდა:

1. დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ბევრი პატიმარი;

2. კრიმინალის დაბალი დონე დამახასიათებელია არადემოკრატიული რეჟიმებისთვის.

ასეთ დასკვნებს ხელს უწყობს როგორც სააკაშვილის მიერ გამოყენებული ნულოვანი ტოლერანტობის იდეა, ისე ივანიშვილისეული „გაგებით მოკიდება".

პირველ შემთხვევაში, ჯაჭვი ასეთია: ნაციონალებმა გაავსეს ციხეები; ციხეებში იყო არაადამიანური პირობები, ქვეყანაში კი დემოკრატიის ნაკლებობა. თანმდევი მოვლენები შეიძლება არ იყოს პირდაპირ დაკავშირებული, მაგრამ მათი დაკავშირების ცდუნება დიდია. თანაც, ოპოზიცია წლობით ამახვილებდა ყურადღებას პატიმრების დიდ რაოდენობაზე, როგორც ავტორიტარიზმის ნიშანზე.

მეორე შემთხვევაში, „გაგებით მოკიდებისკენ" მოწოდებით პრემიერი ფაქტობრივად ეუბნება საზოგადოებას, რომ კრიმინალის ზრდა გარდაუვალი და მისაღები მოვლენაა „სამართლიანობის აღდგენის" პროცესში.
მაშ, რა არის ამ ორ წარმოდგენაში სადავო?

აზრი, რომ პატიმრების რაოდენობა იყო ზედმეტად დიდი, საფუძველს მოკლებული არაა. ლოგიკურია, რომ ციხეში მყოფთა სიმრავლე ართულებს ადამიანური პირობების უზრუნველყოფას და იწვევს სახელმწიფო აპარატის ზრდას.

პატიმრების რაოდენობით, ნაციონალების საქართველო ნამდვილად იყო „ლიდერებს" შორის. 2008 წლის მონაცემებით, ქვეყანაში იყო 415 პატიმარი ასი ათას მოქალაქეზე. ამ მაჩვენებლით ჩამოვრჩებოდით აშშ-ს (756), რუსეთს (629), კუბას (531) და ბელარუსს (468), მაგრამ ვუსწრებდით დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობას. 2011 წლისთვის საქართველომ ბელარუსსაც გაუსწრო. არგუმენტს ამყარებს ისიც, რომ წლების მანძილზე პროკურატურა თითქმის ყველა საქმეს იგებდა.

თუმცა, ზოგადად პატიმრების რაოდენობა ვერ იქნება მაჩვენებელი, თუ რამდენად უსამართლო ან ავტორიტარულია სისტემა.

პირველ რიგში, მცდარია დაშვება, რომ პატიმართა „სამართლიანი" რაოდენობა ყველა საზოგადოებისთვის ერთნაირია. ბუნებრივია, განმსაზღვრელი იყოს კრიმინალის ჩამდენთა რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში და ჯგუფშიც კი განსხვავებულია. აშშ-ში შავკანიან კაცებს შორის პატიმართა პროცენტი ექვსჯერ დიდია, ვიდრე თეთრკანიან კაცებს შორის. ზოგიერთი ამერიკელის აზრით, ასეთი განსხვავება რასობრივი დისკრიმინაციის შედეგია, მაგრამ ვერავინ უარყოფს, რომ აფროამერიკელთა შორის დანაშაულიც ბევრად ხშირია. დისკრიმინაციას ვერ მიეწერება ვერც ის, რომ არასრული სასკოლო განათლების მქონეთა „კრიმინალურობა" ლამის ორმოცჯერ დიდია, ვიდრე კოლეჯის დამთავრებულთა.

მცდარი იქნებოდა ის დასკვნაც, რომ პატიმართა მცირე რაოდენობა დემოკრატიული ქვეყნების ნიშანია, ხოლო დიდი რაოდენობა – ავტორიტარულების. პატიმართა რაოდენობის სიმცირით (ასი ათას მოსახლეზე) დასავლეთ ევროპას „ჯობნის" აფრიკის, აზიის და ამერიკის ყველაზე ღარიბი და ავტორიტარული ქვეყნები. მათ შორისაა, მაგალითად, პაკისტანი (40), ავღანეთი (62), იემენი (48), სირია (58), გვატემალა (77), ნიგერია (31), ლიბერია (37).

ბევრად დიდი მაჩვენებლები (250-300) აქვთ, მაგალითად, ბალტიისპირეთის და ლათინური ამერიკის შედარებით განვითარებულ ქვეყნებს (ჩილე, ბრაზილია, ურუგვაი).

იმისთვის, რომ დავასკვნათ, პატიმართა რა რაოდენობაა ადეკვატური საქართველოსთვის, საფუძვლიანი კვლევებია საჭირო. გარეგნული ნიშნებით ნამდვილად არ ჩანს, რომ ამ საკითხში სკანდინავიის მაჩვენებლებს უნდა ვსდიოთ.

1995 წლის მონაცემებით, რუსეთში კანონიერი ქურდების მესამედი ქართველი იყო, რაც, ერის რიცხოვნობის გათვალისწინებით, უკიდურესად დიდი წილია. იმავე პერიოდის კვლევების მიხედვით, საქართველოში ყოველი მეოთხე სკოლის მოსწავლე ოცნებობდა კანონიერ ქურდობაზე. თუ ამას დავუმატებთ კორუფციის მაჩვენებლებს (როგორც საბჭოთა, ისე პოსტსაბჭოთა პერიოდში), დარწმუნებით შეიძლება საუბარი საზოგადოების მაღალ კრიმინალურობაზე.

პატიმართა რაოდენობის შემცირება შესაძლებელია ისეთი „დანაშაულის" დეკრიმინალიზებით, რომელიც უშუალოდ არავის უფლებებს ლახავს (ნარკოტიკების მოხმარება, პროსტიტუცია). თუმცა, ამისთვის სწორი საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო და არა რიცხვებთან ბრძოლა.

რაც შეეხება აზრს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში კრიმინალის დონე ვერ იქნება ძალიან დაბალი, ის მთლიანად მცდარია. კრიმინალის საერთო ინდექსით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, საქართველოსთან ერთად, ჰქონდათ იაპონიას, ტაივანს, სამხრეთ კორეას, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, სინგაპურს, ისლანდიას, გერმანიას, ესტონეთსა და ნორვეგიას. ყველა ეს ქვეყანა გამოირჩევა ადამიანის განვითარების მაღალი ინდექსით, მათი უმრავლესობა ლიდერებს შორისაა ეკონომისტის დემოკრატიის ინდექსითაც. მსგავსია მკვლელობების მიხედვით ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაც.

იმის მაგივრად, რომ თვითმიზნად გავიხადოთ პატიმრების რაოდენობის სიმცირე, რეალურად უნდა ვიზრუნოთ ციხეში ადამიანური და სამართლიანი გარემოს შექმნაზე. თანაც, გვახსოვდეს, რომ კრიმინალის მინიმალური „დემოკრატიული" დონე მორიგი პოლიტიკური მითია და მოურიდებლად ვისურვოთ კრიმინალის შემცირება. ხოლო ფრაზას „ციხე დაანგრიეთ, ეკლესია ააშენეთ" მშვიდად ვუპასუხოთ: „კეისარს კეისრისა, ღმერთს ღმრთისა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები