U21 ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდია 2:1 დაამარცხა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები
uefa.com

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, საკუთარ მოედანზე ჰოლანდიასთან 0:6 მარცხის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი შეხვედრა გამართა. მეოთხე მატჩში, ალექსანდრე ჩივაძის ფეხბურთელები შოტლანდიელ ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით - 2:1 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში შოტლანდიელები საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდნენ და ქართველ ფეხბურთელებს უფრო სოლიდური ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ.

სტუმბრები ნადირაძის კართან ხიფათის შექმნას ცდილობდნენ, თუმცა პირველი გოლი ქართველებმა გაიტანეს. მატჩის 39-ე წუთზე, ჰოლანდიური ვიტესის ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა, შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. 

მეორე ნახევარში, ალექსანდრე ჩივაძის ფეხბურთელები კვლავ უპირატესობას ფლობდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა გუნდის კაპიტანი გიორგი ჭანტურია, რომელიც კლუბში მის თანაგუნდელ ყაზაიშვილთან ერთად, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მეორე გოლი 69-ე წუთზე გავიდა. მოედნის ცენტრის სიახლოვეს, ყაზაიშვილმა ბურთი სწრაფად წამოიღო, ქვილითაიასთან გაითამაშა, შემდეგ ჯიღაურს გადააწოდა, რომელმაც შორეული დარტყმით ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ქართველი ახალგაზრდების უპირატესობა ეჭვს აღარ იწვევდა. 78-ე წუთზე ყაზაიშვილის დარტყმულის შემდეგ, ბურთი შოტლანდიელ ფეხბურთელს ხელზე მოხვდა და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. გიორგი ჭანტურიამ გოლის გატანა კი შეძლო, მაგრამ არბიტრმა მას დარტყმის განმეორებით შესრულება მოსთხოვა. ამჯერად არჩერმა ბურთის მოგერიება შეძლო.

ამის შემდეგ, შოტლანდიელი ფეხბურთელები ფსიქოლოგიურ უპირატესობას დაეუფლნენ და 80-ე წუთზე, გოლის გატანაც შეძლეს. თავი ლუის მეკლეოდმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ქართველმა ფეხბურთელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

კომენტარები