საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ფანჯიკიძე: ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ავსტრიულ გამოცემა DerStandard-თან ინტერვიუში თქვა, რომ ”ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ".

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ წამოვეგებით პროვოკაციას და არ გამოვიყენებთ ძალას არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების გვჯერა, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენს მოსახლეობას ვუწევთ ანგარიშს და მათი ისედაც რთული მდგომარეობის კიდევ უფრო გართულება არ გვინდა. მაგრამ ძალიან მალე საოკუპაციო ხაზზე შეიძლება ფიქსირებული საზღვარი მივიღოთ", -  თქვა მაია ფანჯიკიძემ.

ფანჯიკიძის თქმით,  ბოლო კვირების განმავლობაში საქართველომ საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირისა და NATO-ს მხრიდან, ასევე მკაცრი განცხადებები გააკეთეს აშშ-მა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა. "ასე რომ, საერთაშორისო რეაგირება შესაბამისი იყო და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ამ მხარდაჭერის, თუმცა ამან რეალურად ვერ აღკვეთა ეს პროცესი, რომელიც ისევ გრძელდება", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ. 

ფანჯიკიძემ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა წინა ხელისუფლებისგან იმით განსხვავდება, რომ აგრესიული არ არის.

"მართალია, ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში დააგროვა, მაგრამ ეს სუფთა ხელებით შეძლო. ის უკვე ათ წელზე მეტია იქიდან წამოვიდა და აღარ ყოფილა რუსეთში, არც რუსეთის ხელისუფლებას იცნობს პირადად. ასე რომ, მას რუსეთთან განსაკუთრებული კონტაქტები არა აქვს. ბიძინა ივანიშვილი სხვა პოლიტიკას ატარებს და არ არის აგრესიული, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობისას იყო. ეს დრო მთავრდება. ვიმედოვნებ, რომ არჩევნებში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს. ასევე ვიმედოვნებ, რომ დადებითი იმპულსები, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების სხვა ფორმატში გვაქვს, ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურში გადაიზრდება. ამ ეტაპზე ეს ასე არ არის და რუსები საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან საოკუპაციო ხაზის გამაგრებით", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. 

რაც შეეხება საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც მაია ფანჯიკიძემ ავსტრიულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების სანაცვლოდ, ჰოპოთეტური საკითხია. მისივე თქმით, ეს საკითხი ასე არ განიხილება. 

ფანჯიკიძის თქმით,  არსებობს უამრავი შესაძლებლობა, თუ როგორ მოხდება ნდობის აღდგენა საქართველოს ხელისუფლებასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორის. 

"ცხოვრების ყველა სფეროში უამრავი შესაძლებლობა არსებობს. ადამიანებს შორის კონტაქტების ასამუშავებლად აუცილებელია მათი გააქტიურება. მცირედით უნდა დავიწყოთ, რომ დიდ შედეგამდე მივიდეთ", - თქვა ფანჯიკიძემ. 

 

კომენტარები